ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
რაჭა-იმერეთის კურორტები
#2(6), 2005
სად დავისვენოთ?

ზაფხული აქტიურ ფაზაში შევიდა. დადგა დრო, როცა ქალაქური დინამიკის არითმულ ყოველდღიურობას გინდა გაექცე და თავი დროებით მაინც შეაფარო ამაღლებულ მშვიდ სამყაროს, სადაც ლამაზი ლანდშაფტი, ზღვისა და მდინარის ხმაური და ჰაერის სასიამოვნო სურნელებაა, რომელიც პოლიტიკური თუ ყოფილი პრობლემებით აფორიაქებულ ტვინს მყისიერად მოადუნებს. ყველაფერ ამის მისაღებად კი საქართველოში უამრავი ადგილი არსებობს, რომელსაც კურორტი ჰქვია და რომლებიც დღეს, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა, ღვთის ანაბრად არიან მიტოვებული.

იმერელ კაცს კურორტის ამორჩევა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან თავად რეგიონი ამ თვალსაზრისით, ერთ დროს საბჭოთა "კურორტოლოგიის" ფლაგმანად იყო აღიარებული. ეს ერთ დროს, ახლა კი, 53 ობიექტიდან მხოლოდ 5-6 თუ ფუნქციონირებს და ისიც ისეთი ინფრასტრუქტურით, რომ მკურნალობის კურსის გაგრძელების აუცილებლობის გამო თუ გაგხდის იძულებულს ხელმეორედ მიაკითხო.

ასეთი სანატორიუმები, როგორც ტურიზმის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონის გულდაწყვეტილი ხელმძღვანელი კოტე ჭარხალაშვილი აცხადებს, საირმე, წყალტუბო, საწირე და სულორია. რაც შეეხება ხარაგაულის რაიონის მთებში გაშენებულ ნუნისს, მისი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა მატერიალურად არცთუ შეჭირვებულმა ახალგაზრდებმა იკისრეს და შედეგიც სახეზეა. ნუნისში დასვენების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სამკურნალო თვალსაზრისით იქ არსებული აბანოები, არა მხოლოდ კანის დაავადებებისაგან კურნავს, არამედ ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ევროპულ სტანდარტებზე მოწყობილ კოტეჯებში მომსახურება (კვება და მკურნალობა) საგრძნობლად იაფი და ხელმისაწვდომია.

ვიდრე ცოტათი უფრო ვრცლად წყალტუბოს რაიონში მდებარე "წყალთბილ" აბანოებზე მოგითხრობთ, საერთო სიტუაციაში გარკვევას რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის მესვეურ კოტე ჭარხალაშვილთან საუბრიდან შევეცდებით.

კოტე ჭარხალაშვილი: "იმერეთში არსებული საკურორტო ბაზიდან მხოლოდ 3
პროცენტია დატვირთული. ყველანი ბალნეოლოგიური და კლიმატური პროფილისა გახლავან. ჩვენ ძალიან მდიდარი ხალხი ვართ _ უბრალოდ, არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს სიმდიდრე. არ არსებობს მარკეტინგი, ბაზრის გამოკვლევის შედეგები. არ ვიცით, როგორ განვსაზღვროთ ფასი და საბოლოოდ კატასტროფამდე მივედით.

დღეს ყველა კურორტი, ნუნისის გარდა, ლამის გაკოტრებულია. ერთადერთი, რაც შველის და ვითომ სული უდგათ, ის არის, რომ სახელმწიფო ძალიან "რბილად" ექცევათ. სამაგიეროდ, არც ეხმარება და არც დაინტერესებულია. სამარცხვინოა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებიდან 2003 წლის ბიუჯეტში 1050 ლარი შევიდა. არადა, წყალტუბოში 21 სანატორიუმია. აქედან მხოლოდ ორია დატვირთული - ე.წ. სამხედრო სანატორიუმი (იგი დღეს საპრივატიზაციო ნუსხაშია მოხვედრილი) და 50-ადგილიანი სანატორიუმი "წყალტუბო".

იგივეს ვერ ვიტყვი საირმეზე. მართალია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ძნელად მისასვლელი, თითქმის ამორტიზებული გზებია, მაგრამ მან წელიწადში ორთვენახევრიანი დატვირთვის შედეგად, მაინც შეძლო ბიუჯეტში 85-87 ათასი ლარის მობილიზება. არადა, მას თავისი ადგილმდებარეობითა და მინერალური წყლებით, სახელმწიფოსაგან ხელშეწყობა რომ ჰქონდეს, 5-6 თვე შეუძლია იფუნქციონიროს და ქვეყანას კოლოსალურად დიდი ფინანსები შესძინოს.

ანალოგიურად შეიძლება ითქვას სულორზე, საწირეზე, ამაღლებაზე, სიმონეთზე, ზედა და ქვედა კვერეთზე და ვინ მოთვლის კიდევ. ჩვენთან ხომ რაიონი არ არსებობს, ღმერთისგან ბოძებული უნიკალური სამკურნალო კურორტი რომ არ იყოს. თავად ვანში არის შესანიშნავი წყალი ჭოკინი, რომელიც დიაბეტის უებარი წამალია. ჭყალტუბოს სანატორიუმებში არსებული აბანოები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემით დაწყებული, ნევროზით დამთავრებული ათასგვარ დაავადებას კურნავს. სასუნთქი გზების დაავადებათა და ასთმური მოვლენების სამკურნალო კი, სათაფლიისა და ნავენახევის იონიზირებული ჰაერია".

ქუთაისის დამამშვენებელი მხარე _ წყალტუბო

გალაკტიონის საქვეყნოდ ცნობილ მისამღერში, ქუთაისი რომ ინდუსტრიის
მშენებლად მოიხსენიებოდა, წყალტუბო მისი დამამშვენებელი მხარე იყო. ახლაც, თუ კი გაივლით ოდნავ ძველპეწშენარჩუნებულ წყალტუბოში, გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ აქ ოდესღაც საკურორტო ცხოვრება ჩქეფდა.

აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის აზრით, გელათის მონასტრის სიგელში ნახსენები "მაღლაკს მდებარე აბანოისა სახლად", კურორტი წყალტუბო უნდა იგულისხმებოდეს. ამ საბუთს თედო ჟორდანია დავით ნარინის დროინდელად თვლის და 1245 წლით ათარიღებს. წყალი აქ ბუნებრივად თბილია (33-35 გრადუსი), ადამიანის სხეულის ტემპერატურისაა და გათბობის გარეშე გამოიყენება. ლბილი, კამკამა და უსუნოა, მისი მიღება საამო განცხრომის შეგრძნებას იწვევს.

ეს ჯადოსნური წყალი სამოცამდე დაავადებას კურნავს _ კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ და სხვა დაავადებებს. წყალტუბოს წყლებით მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ბევრ შემთხვევაში ყავარჯნებით ჩამოსული ავადმყოფი, უკან უყავარჯნოდ წასულა. ამ კურორტზე მკურნალობის შემდეგ, მრავალ უშვილო ქალს ახდენია დედობის ოცნება.

წყალტუბოში ეფექტურად მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და
ცერებრალური დამბლით დასნეულებულ ბავშვებსაც. მკურნალობის ვადა 20-24 დღეა. თერმული აბაზანის გარდა, ავადმყოფებს საჭიროების მიხედვით ენიშნებათ წყლის ვარჯიშები, წყალქვეშა მასაჟი. გაჭიმვა, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გინეკოლოგიური ირიგაციები, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები.

ვისაც ძველი წყალტუბო ახსოვს, დღეს სინანულისა და ტკივილის გარეშე ვერ გაივლის მწვანეში ჩაფლულ აქაურ ხეივნებში. ბოლო პერიოდში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. უკვე გადადგმულია პირველი რეალური ნაბიჯები კურორტისათვის ძველი ხიბლისა და დიდების დაბრუნებისაკენ. წლების შემდეგ კურორტში, მართალია კანტიკუნტად, მაგრამ მაინც კვლავ გამოჩნდნენ დამსვენებლები. მათ მისაღებად კვლავაც მზადაა შპს "წყალტუბკურორტი" (37 ადგილზე აქ შარშან რამდენიმე ნაკადად 145-მა პერსონამ დაისვენა), შპს "პროფკურორტის" პანსიონატი (მან 2004 წელს 8 ადგილზე 22 დამსვენებელი მიიღო), სანატორიუმ "საქართველოს" ათადგილიანი კოტეჯი (აქ გასულ წელს ამდენივე კაცი ისტუმრეს) და კერძო სექტორი.

დღეისათვის წყალტუბოში ჩამოსულ ავადმყოფ-დამსვენებელთა განკარგულებაშია სამი კეთილმოწყობილი აბაზანა _ პირველი, მესამე და მეექვსე წყაროები. უკვე სამი წელიწადია შპს "წყალტუბკურორტში" ზედიზედ ჩამოდის გერმანელ დამსვენებელთა მცირე ჯგუფი. ძველი კეთილი და დაუვიწყარი მასპინძელი სხვებზე ადრე აზერბაიჯანელებმა გაიხსენეს. მაგრამ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით ზღვაში წვეთია და წყალტუბოელები ისევ მოლოდინით სულდგმულობენ, გულითადად ნატრობენ იმ დილის გათენებას, როცა უნიკალური არქიტექტურის მქონე წყალტუბოს მიყრუებულ რკინიგზის სადგურს, თერნალის მოსახვევიდან კვლავ მოაკივლებს თექვსმეტვაგონიანი მატარებელი, რომლის ფირნიშზე მოსკოვი-წყალტუბო" ეწერება.

დამსვენებლებს რაჭაშიც ელიან

კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შორის, იქ სადაც სათავეს
მდინარე რიონი იღებს და ტყის საზღვარს ალპური ზოლი მიჰყვება, 1929 წელს ბიძაშვილის ოჯახს თავშეფარებულმა პოლიტიკურმა დევნილმა, პროფესიით ექიმმა სამშე ლეჟავამ მთის რაჭის სოფელ გლოლაში სამკურნალო წყლები აღმოაჩინა და იდეა კურორტის დაარსებისა უმალ სისრულეში მოიყვანა. თავდაპირველად ამ კურორტს სამშოვი (დამაარსებლის პატივსაცემად), ხოლო მოგვიანებით შოვი ეწოდა.

მყინვარობის ხანის ნაშთი _ ტიტველი კლდეები და თოვლყინულიანი დაწვეტილი მწვერვალები, ზემოდან დაჰყურებს ფიჭვნარში ჩაფლულ სახეშეუცვლელ, პირველყოფილ მშვენიერებაშენარჩუნებულ, ლამის საუკუნემიღწეულ კურორტს. თანამედროვე ყოფამ აქ კარგა ხანია ფეხი მოიკიდა და სწორედ ეს არაორდინალობით გამორჩეული ძველისა და ახლის ორიგინალური სინთეზია, წლების მანძილზე ასე მძაფრად რომ იზიდავდა ტურისტ-დამსვენებლებს და ალპინისტებს.

ომიანობისა და ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდმა თავისი დაღი აქაურობასაც დაასვა, მაგრამ დღეს დირექტორის გელა გუტაშვილის უდიდეს დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პანსიონატი "მამისონი" თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზეა მოწყობილი _ 2, 3 და 4-ადგილიანი ნომრები საკუთარი სველი წერტილებით, საშხაპე ოთახებითა და ჰელიოსისტემის აბანოებით. მთავარი სიმდიდრე კი რკინის, სოდის კალციუმის და იოდის შემცველი მინერალური წყლებია, რომლებიც კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, სისხლისა და ენდოკრინოლოგიური დაავადებების უებარი სამკურნალო საშუალებებია.

ასთმური მოვლენების დასარეგულირებლად შოვში სპეციალური წყაროს წყალია. მისი სამკურნალო ზემოქმედება არა მხოლოდ უშუალო მიღებით, თურმე შეზელვითაც ვლინდება. "ერთი ჭიქა მინერალური წყლის დალევაც საკმარისია, კაცმა ეფექტი რომ იგრძნოს", - ამბობს გელა გუტაშვილი.

რაც შეეხება კვებას, დირექციას საკუთარი მეურნეობა აქვს და უსასუქო, ყოველგვარ ნიტრატშეურეველი პროდუქციით უმასპინძლდება დამსვენებელს. არომატიზირებული სასმელების მოყვარულთ საუკეთესო საშუალება ეძლევათ ყოველდღიურად მიირთვან დეკა, მოცვის, თავშავასა და კრაზანას ჩაი.

პანსიონატ "მამისონის" გარდა, შოვში სამთო-ქიმიის შენობა "მთის ბროლი" და სხვადასხვა დასასვენებელი კორპუსები თუ კოტეჯები ფუნქციონირებს. აქაც ანალოგიური საკურორტო პირობებია და სეზონი 10 ივლისიდან 15 სექტემბრამდე გრძელდება.

შოვის ქვემოთ, სოფელ უწერაში, ღვთისმშობლის ეკლესიის თავზე, 5 ჰექტარზე გადაჭიმულ რვასაუკუნოვან ცაცხვებში სანატორიუმი "ფაზისია" ჩაფლული. 200 დამსვენებელზე გათვლილი ოთხსართულიანი კორპუსი, ჯერ კიდევ ახლო წარსულში დედათა და ბავშვთა გასტრო-ენტეოროლოგიური პროფილის კურორტის სახელით იყო ცნობილი. დაარსებიდან 32 წლის შემდეგ ბალნეოლოგიურმა კურორტმა დასვენების მსურველთა დიფერენციაციაზე უარი განაცხადა და აქ იმავე პრობლემებით შეწუხებულ ნებისმიერი ასაკისა და "სტატუსის" ადამიანებს ელიან.

ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი "გვერეთა" უნიკალური საშუალებაა ქოლიცისტიტის, გასტრიტის (კუჭის დაბალი, საშუალო და მაღალი მჟავიანობა), კოლიტის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დაავადებათა სამკურნალოდ. სანატორიუმის დირექტორი, ექიმი ნელი გვარაძე პაციენტ-დამსვენებელს არა მხოლოდ უნიშნავს მკურნალობის კურსს, არამედ უშუალოდ ასრულებს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას.

2, 3 ან 4-ადგილიან ოთახებსა და უზარმაზარ სასადილო დარბაზში იდეალური სისუფთავეა. არის ე.წ. "ლუქსებიც", ეზოში კი, მწვანე მდელოზე, სადაც უზარმაზარი ცაცხვების ჩრდილში მზის სხივები ძნელად თუ აღწევს, საბავშვო ატრაქციონები, ჩოგბურთის სათამაშო მაგიდები და დიდებისათვის გასართობი უამრავი საშუალებაა. კვების რეჟიმი სამჯერადია, მენიუ კი მრავალფეროვანი _ იგი ძირითადად ადგილობრივი გლეხების პროდუქციისაგან შედგება.

ერთი სიტყვით, მთის რაჭა მნახველს არა მხოლოდ გეოგრაფიულ-რელიეფური
მოხაზულობითა და უნიკალური ფლორა-ფაუნით ატყვევებს, არამედ ტყისა თუ მთის ველის ჰავის ნაზავით და ასე ძვირფასი, თუმც ჯერ კიდევ იაფფასიანი მინერალური წყლების კურორტებით იზიდავს.

ფრიდონ კერვალიშვილი