ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
მშენებლობას სახელმწიფოებრივი წესრიგი სჭირდება
#2(6), 2005
მოგმართავთ სამეცნიერო-საპროექტო-სამშენებლო-სამთავრობო სამსახურების სკოლაგამოვლილი საქართველოს მოქალაქე, უბრალო გულშემატკივარი ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო დარგის მომავალთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ მშენებლობა _ როგორც დარგთაშორისი საქმიანობა, ქმნის ქვეყნის ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის განვითარებისათვის საჭირო ძირითად ფონდებს, უზრუნველყოფს გარემოს საინჟინრო დაცვას, აუმჯობესებს მოსახლეობის საბინაო-კომუნალურ, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალურ პირობებს.

ახლო წარსულში ქვეყანაში მშენებლობის განხრით ფუნქციონირებდა 5 უმაღლესი სასწავლებელი (სამშენებლო დარგისთვის მომზადდა ათასობით სპეციალისტი), ათასამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (400-მდე სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტით), 100-მდე საპროექტო-საძიებო ორგანიზაცია, 7 სამშენებლო-სამონტაჟო სამინისტრო და ამდენივე სამინისტროსთან გათანაბრებული მსხვილი მოცულობის ტრესტი, 300 ათასიანი ინჟინერ-მშენებელთა არმია და გრძელდებოდა მრავალსაუკუნოვანი მშენებლობის ტრადიცია.

მშენებლობის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას აწარმოებდა მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტი ("სახმშენი"), რომელსაც შეეძლო გაეწია რეალური მეთოდური ხელმძღვანელობა სამშენებლო კომპლექსის მონაწილე სამეცნიერო, საპროექტო, სამშენებლო, აგრეთვე დამკვეთი და საბანკო ორგანიზაციებისათვის მათი უწყებრივი და სამართლებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.
"სახმშენი" თავისი კომპეტენტურობით და ავტორიტეტით იყო ფაქტიურად პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე სამშენებლო დარგის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

90-იანი წლებიდან – ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით "სახმშენი" გაუქმდა და ერთიანი სამშენებლო პოლიტიკის გატარება დაევალა არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს, შემდგომში მასვე "დაეკისრა" ქვეყნის "ურბანული განვითარება"...

"ურბანიზაცია" – თავისი შინაარსით მოიცავს სივრცის ტერიტორიულ ათვისებას, მოსახლეობის განსახლებას, არქიტექტურას, მშენებლობას, მრეწველობას, ინფრასტრუქტურას (რომელიც თავის მხრივ არანაკლებ "ტევად" დარგებს ითავსებს), ტრანსპორტს (რკინიგზა, ავტოგზა), საჰაერო და საზღვაო კომუნიკაციებს და სხვა საკითხებს, თუნდაც ქალაქსა და სოფელს შორის არსებითი განსხვავების ლიკვიდაციას...

ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება ერთი სამინისტროს ფარგლებში, რბილად რომ ვთქვათ – საეჭვოა! ამდენად, ყოვლად გაუმართლებელი იყო ასეთი "პრობლემური დავალებებით" "ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო"-ს შექმნა. ასევე არალოგიკური აღმოჩნდა აღნიშნული სამინისტროს ხელოვნური შერწყმა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსთან ("დიდის" _ "პატარასთან"?). მშენებლობა, როგორც დარგი დაიკარგა – "გაითქვიფა ინფრასტრუქტურაში". რას ერჩიან მშენებლობას?... თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ საქართველოში მშენებლობა, ისევე როგორც ფეხბურთი და პოლიტიკოსობა – "ყველას შეუძლია", – ძალიან სცდება!
ამჟამად ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო შეუერთდა "სახელმწიფო სტრუქტურულ მონსტრს" – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ვიღასღა ახსოვს მშენებლობა?

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული იყო სამშენებლო საქმიანობის განხრით ორი სრულფასოვანი სოლიდური დეპარტამენტისა და აგრეთვე "არქმშენინსპექციისა" და "სამშენებლო-საპროექტო საქმიანობის ექსპერტიზისა და ლიცენზირების ეროვნული სააგენტოს" შექმნა, მაგრამ ამ მხრივ დღეს "სრული სიმშვიდეა". ყოფილი მშენებლობის სამინისტროს 90-100 კაციანი საკმაოდ მაღალკვალიფიციური კოლექტივის სანაცვლოდ "გაურკვეველი კრიტერიუმით შერჩეული" სამშენებლო დარგის 7-8 ახალგაზრდა სპეციალისტი (მათი ადგილი არ მოიძებნა სამინისტროს სტრუქტურაში), სამ-სამ თვიანი განახლებადი ხელშეკრულებების საფუძველზე უნდა განაგებდეს ქვეყანაში მშენებლობას?!... ალბათ, გასაგებია, ამ თანამშრომლების "გაურკვეველი პერსპექტივა" და შესაბამისად მათზე დაკისრებული მოვალეობათა შესრულების რეალობა!

ყველა ზემოთჩამოთვლილი, "სახმშენი"-ს შემდგომი, სამშენებლო პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელობა ევალებოდა და დღეს ახალ სამინისტროში სამშენებლო დარგის მართვა აკისრია – არქიტექტორს!...

რამდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა ქვეყანაში მიწისძვრების, მეწყერული მოვლენების, ღვარცოფებისა და სხვა შემთხვევებში სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის დროს?

რა შეცდომები იქნა დაშვებული უახლოეს წარსულში ქ. თბილისში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების შეფასებისას და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით?

რატომ მიმდინარეობდა პროექტირება და მშენებლობა ხარჯთაღრიცხვების დარღვევებით ან საერთოდ უგულებელყოფით?

როდის უნდა გამოვიდეთ ყოფილი საბჭოთა ნორმატიული არეალიდან?

ყველა "ხარვეზის" მარტო არქიტექტორი-ხელმძღვანელისთვის "დაბრალება" არ იქნება სამართლიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყნის "ურბანულ განვითარებას" და "ინფრასტრუქტურის განვითარებას" შეეწირნენ "არქიტექტორი-მინისტრები" და, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, "სამშენებლო დარგის დამოუკიდებლობა" საერთოდ! ნათქვამია – "ნარეცხ წყალს ჩვილი ბავშვი გადააყოლესო"... რატომ გაიწირა დარგი? ხელმძღვანელების "პიროვნული შეუთავსებლობაც" კი არ ამართლებს დარგის ფაქტობრივ გაუქმებას!

მშენებლობის დარგი ქვეყნის აღმშენებლობაში ყოველთვის ითვლებოდა პრიორიტეტულად. მით უმეტეს, როდესაც ნამდვილად მისახედია ჰიდროენერგეტიკისა და სატრანსპორტო ობიექტები, მელიორაციული ნაგებობები, ზღვისა და მდინარეების ნაპირდაცვა, მიწისძვრითა და სტიქიური უბედურებებისაგან დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა-მშენებლობა! რა ეშველება აჭარის, რაჭის, ცაგერის, ვანის, ყვარელის, ლენტეხის, სხვა მრავალი და სამწუხაროდ მომავალშიც მოსალოდნელი მეწყერების, ღვარცოფების, წყალდიდობისა და სხვა უბედურებებით დაზიანებულ შენობა-ნაგებობებს? ეშველა რამე თბილისში მიწისძვრისას დაზიანებულ შენობებს? 22000 შენობის ვიზუალურმა აღწერამ გამოავლინა რეალობა? წყალში ჩაყრილად ხომ არ ითვლება თავიდანვე არაპროფესიონალური და ზერელე აღწერების შედეგები? რა ეშველება "ანდროპოვის ყურებს" და სასტუმრო "ივერიას", ან საქართველოს პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციას, თბილისის "ცათამბრჯენებს" და ახალ აეროპორტს, სხვას და სხვას? მათ ყველას "სჭირდება ერთიანი ხელი" პროექტირებასა და მშენებლობაში, როგორც ნორმატივების შემუშავების, ასევე ექსპერტიზის, საზედამხედველო ინსპექტირებისა და საერთოდ პროფესიონალური მეთოდური ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მითუმეტეს, საქართველოს აქტიურ სეისმურ ზონაში არსებობის გამო...

ა.წ. 4 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გაუქმდა სახარჯთაღრიცხვო სისტემა სამშენებლო საქმიანობაში; მანამდე საინფორმაციო წყაროებით გაცხადდა, რომ უქმდება "არქმშენინსპექცია"; არის რეალური მცდელობა, პროექტის ექსპერტიზის გაუქმებისაც კი! უკანასკნელი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა ლიცენზირებისა და ნებართვების კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც "დაუშვებს" ყველა სახის საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის წარმოებას ლიცენზიებისა და ნებართვების გარეშე! და საერთოდ პროექტირება და მშენებლობა შესაძლებელია აწარმოოს ნებისმიერმა არასპეციალისტმა, თუნდაც ჯგუფმა?! არადა, მოგეხსენებათ, საპროექტო-სამშენებლო ლიცენზია და მშენებლობის ნებართვა არის საპროექტო, საექსპერტო და სამშენებლო ორგანიზაციების მხრიდან უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის გარანტია მომხმარებლისა და ქვეყნის წინაშე!

მეათე წელია საქართველოში, როგორც ყველა ნორმალურ დამოუკიდებელ ქვეყანაში, არსებობს აუცილებელი სამშენებლო ლიცენზირება. დღეისთვის გაცემულია 4700-ზე მეტი საპროექტო-სამშენებლო ლიცენზია საქართველოს ორგანიზაციებისთვის და უცხოეთის 50-მდე მოწინავე სამშენებლო ფირმისათვის. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი რეკლამაცია, ან უკმაყოფილება. ლიცენზირების საქმიანობაში დასაქმებული იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული კვალიფიციური სპეციალისტი, ბაზები აღჭურვილი იყო სათანადო ლიტერატურით, კომპიუტერული ტექნიკით, სალიცენზიო არქივით, ტექნიკური ბიბლიოთეკით, ნორმატიული ბაზით და ა.შ. ქვეყნის სამშენებლო დარგში ამ მხრივ იყო წესრიგი! სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლის სახით შესულია მილიონობით ლარი. ნუთუ სახელმწიფო უნდა შეელიოს ასეთ "კარგვას"?

ამერიკის შეერთებული შტატების 50-ივე შტატში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, კანონით გათვალისწინებულია ლიცენზირება. ასევეა სხვა ქვეყნებშიც. ეს საქმიანობა შესანიშნავადაა აწყობილი რუსეთშიც.
დსთ-ის ქვეყნებს შორის არის ურთიერთშეთანხმება, მომავალში მოხდეს საპროექტო-სამშენებლო ლიცენზიების "ურთიერთცნობა", რაც შესაძლებელს გახდის ჩვენი, ფაქტიურად დაუსაქმებელი, მშენებლის მონაწილეობას რუსეთის სამშენებლო ბაზარზე! ე.ი. ამის დაკარგვაც შესაძლებელია?

გავიხსენოთ ე.წ. "უკანონო მშენებლობები". მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ასაშენებელ ობიექტს გააჩნია ყველა საჭირო წინასაპროექტო შეთანხმებები და საპროექტო დოკუმენტაცია თავისი ხარჯთაღრიცხვით, სათანადო ექსპერტიზაც, შესაბამისად ლიცენზია, ნებართვა და ა.შ. მაინც აღმოჩნდა მათ შორის რაღაც დარღვეული – წესი, რიგი, თუ ნორმა და იერსახე! მართლაც ბევრი რამ არის დასაწუნი და მიუღებელი! მაგრამ... განა არალიცენზირებულმა ორგანიზაციამ შეიძლება აწარმოოს ობიექტის მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა წესების გარეშე შესრულებული არალიცენზირებული პროექტით, ან საერთოდ უპროექტოდ? ხარჯთაღრიცხვებისა და ობიექტის ღირებულების დადგენის გარეშე (თუნდაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში) შეიძლება ჩატარდეს პროექტის სრული შეფასება, ექსპერტიზა და მშენებლობისთვის "მწვანე შუქის" მიცემა? მშენებლობის ნებართვის გარეშე შეიძლება მშენებლობის განხორციელება?

"უკანონო მშენებლობების" წინააღმდეგ წარმოებული საყოველთაო ბრძოლა – დღეს, სამწუხაროდ, "კანონის ფარგლებში" ექცევა!

პროექტირებასა და მშენებლობაში არსებული თუ მოსალოდნელი "დარღვევები", სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ერთეული, არაპროფესიონალი და არაკეთილსინდისიერი დამპროექტებლისა და სამუშაოთა მწარმოებლის, არაკომპეტენტური სახელმწიფო მოხელისა და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკის "უნებლიე თუ დანაშაულებრივი ქმედებების" შედეგად! სწორედ ერთეულმა შემთხვევებმა "განაპირობეს" საერთოდ მშენებლობის დარგის (ქვეყნის აღმშენებლობაში წამყვანი დარგთაშორისი საქმიანობის) დისკრედიტაცია და ფაქტიურად დაუმსახურებელი ადმინისტრაციული ლიკვიდაცია. რას უნდა ველოდოთ მომავალში? ეს იქნება განუკითხაობისა და ქვეყნისა და ადამიანთა უსაფრთხოების დაუცველობის საფუძველი!

გაუგებარია, ქართველ მშენებელთა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, გამოცდილების და პროფესიონალიზმის დაუმსახურებელი იგნორირება. საუკუნეებს გაუძლო საქართველოში აშენებულმა ეკლესია-მონასტრებმა, თუ სხვა ნაგებობებმა. შეიძლება დავივიწყოთ უნიკალური ენგურჰესის და სპორტის სასახლის, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების და დღევანდელი საუკუნის ნაგებობის – "სამების ტაძრის" დამპროექტებელი და ამშენებელი ადგილობრივი კადრები? და სანაცვლოდ რა ხდება? რა და _ უცხოეთის – პირდაპირ უნდა ითქვას – ზოგიერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნის მშენებელთა მოწვევა.

მაგალითებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – თბილისის აეროპორტის ავტომაგისტრალის საფარი, ლოკომოტივის სტადიონის განათების სისტემა, მოსკოვის ცნობილი ნაგებობა, თურქეთში მიწისძვრის კატასტროფიული შედეგები და სხვა – არაკვალიფიციური მშენებლობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ქვეყანაში ერთიანი სამშენებლო პოლიტიკის გატარებისათვის და მოსალოდნელი განუკითხაობის აღმოსაფხვრელად აუცილებლად შეიქმნება სამშენებლო დარგის სახელმწიფოებრივი წესრიგისა და მართვის დამოუკიდებლობის საჭიროება და ეს მალე ცხადი გახდება მათთვისაც, ვინც დღეს საპირისპირო აზრისაა.

ნიკოლოზ ჭკუასელი