ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ნაყინი - ყინულოვანი სიამოვნება
#2(6), 2005
ნაყინს ცივ, ნაზ ნუგბარს უწოდებენ, რომელიც კაცობრიობის თანამგზავრი უკვე არა ერთი ათასწლეულია. სანამ ნაყინის იმ ფორმით დამზადებას ისწავლიდნენ, როგორიც დღეს გვაქვს, რაღაც მის მსგავსს "ყინულებს" უწოდებდნენ. მას ძირითადად ამზადებდნენ ჩაციებული ღვინისაგან ან ხილის წვენებისაგან. ალექსანდრე დიდი "ყინულების" დიდი თაყვანისმცემელი იყო ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებიდან მე-4 საუკუნეში. რომაელი იმპერატორი ნერონი ჩვენი ერის პირველ საუკუნეში საკუთარ მსახურებს მთებში იმისათვის აგზავნიდა, რომ ამგვარი ყინულები თოვლისაგან დაემზადებინათ. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ნაყინი 5 ათასი წლის წინ გამოიგონეს არა ანტიკურ საბერძნეთში ან ძველ რომში, არამედ მაღალი კულტურის სხვა ქვეყანაში _ ჩინეთში, როცა ამ ქვეყნის მაცხოვრებლებმა თოვლში ბრინჯისა და რძის დამატება დაიწყეს ტკბილ ნატურალურ წვენებთან ერთად. ძალზე სავარაუდოა, რომ ეს გემრიელი საშუალება სიცხისაგან თავის დასაცავად გადაიღეს არაბებმა და სპარსელებმა. ნაყინი ხილის წვენებისაგან დამზადებული ყინულების სახით სწორედ მათგან გავრცელდა ევროპაში. აქ ნაყინის პირველი რეცეპტები შემოიტანა ცნობილმა ვენეციელმა მოგზაურმა, მარკო პოლომ, როცა ეს უკანასკნელი იტალიაში 1295 წელს შორეული აღმოსავლეთიდან მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. ამის შემდეგ იტალიელმა მზარეულებმა "ყინულის" დამზადება დაიწყეს წყლისა და რძის საფუძველზე. ზოგიერთი თვლის, რომ ყოველივე ეს სწორედ მარკო პოლოს წინადადებით მოხდა, ამიტომაც ნაყინის პირველ შემქმნელად სწორედ იგი უნდა ჩაითვალოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიელები ამ ნუგბარის რეცეპტებს საიდუმლოდ ინახავდნენ, ამიტომაც მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებლებმა ფრანგებმა ნაყინის _ ამ გასაოცარი დესერტის არსებობის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ შეიტყვეს. ეს ნუგბარი გემრიელ კერძებს შორის იტალიის სამეფო კარზე მყარად დამკვიდრდა.

"ყინულების" რეცეპტები იტალიიდან გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში. 1533 წელს ეკატერინე მედიჩი ჰერცოგ ორლეანელის მეუღლე გახდა. საქორწინო მაგიდაზე ჩამოარიგეს "ის", რაც თანამედროვე ნაყინს ძალიან ჰგავდა. ამტკიცებენ იმასაც, რომ იტალიელმა მზარეულებმა ამ ნუგბარის 34(!) სახეობა შექმნეს და საქორწინო ცერემონიის 34 დღის განმავლობაში (ერთი სახეობა დღეში) მაგიდასთან მიიტანეს სტუმართა დასაგემოვნებლად.

ფრანგი დედოფლის, ანა ავსტრიელის მმართველობის პერიოდში პირველად გამოჩნდა შოკოლადისა და ვანილის ნაყინი. კაცობრიობამ აღმოაჩინა გვარჯილისა და ყინულის შერევის გზა, რამაც ნაყინის დამამზადებლებს საშუალება მისცა ხილის წვენები არა მარტო გაეცივებინათ, არამედ გაეყინათ კიდეც. ფრანგებმა ეს ტექნოლოგია აითვისეს და ნაყინი ბურთების სახით შექმნეს. ყინულისა და თოვლის გვარჯილით ფრქვევის პროცესი შექმნა ესპანელმა დოქტორმა ბლასიუს ვილაფრანკამ 1560 წელს. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ნაღების, ხილის წვენებისა და სპეცსაშუალებების შერევა და გაყინვა. ამის შემდეგ გამოიგონეს პირველი "საყინულე" ნაყინისათვის. გაყინვის პროცესი ხდებოდა ლითონის ორი ბურთულის მეშვეობით, რომელთა შორისაც ყინულს აქუცმაცებდნენ. პატარა ბურთულის შიგნით ყინულის ინგრედიენტები იყო მოთავსებული, მათ ნაყავდნენ და გაყინვის მიზნით ტოვებდნენ.

გაყინულმა ტკბილეულობამ ინგლისამდე XVII საუკუნის შუაგულში მიაღწია. ნუგბარი მეფე ჩარლზს ისე მოეწონა, რომ მან ნაყინის დამზადება და მიწოდება სამეფო კარის გარეთ აკრძალა კიდეც. მეფის გარდაცვალების შემდეგ მზარეულებმა მიიღეს შესაძლებლობა რეცეპტები ერთმანეთისათვის გადაეცათ. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ნაყინის გემოთი მხოლოდ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ანუ მაღალი წრის საზოგადოება ტკბებოდა.

1660 წელს იტალიელმა მზარეულმა პალერმოდან ფრანჩესკო პროკოფიომ პარიზში კაფე გახსნა, სადაც ნაყინით ვაჭრობის საქმე დაიწყო. 16 წლის შემდეგ ამ პროდუქტის დამამზადებლები უკვე 250-ს შეადგენდნენ. ნაყინის პოპულარობამ თანდათან იმატა. XVII საუკუნის შუაგულამდე ნაყინს მხოლოდ ზაფხულში ჰყიდდნენ. 1750 წელს პროკოფიოს მემკვიდრემ დე ბიუსონმა და მასთან ერთად სხვა მენაყინეებმა ნაყინის გაკეთება მთელი წლის განმავლობაში დაიწყეს. მზარეულებმა ნაყინში მეტი ნაღები დაამატეს და ისინი ძალიან მიუახლოვდნენ ნაყინის დღევანდელ მდგომარეობას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. იმ ნაყინს უწოდებდნენ "რძის ყინულს", "ნაღებიან ყინულს, "ყინულს კარაქისაგან". მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებლებმა ამ ნუგბარს გემო გაუსინჯეს, ამ პროდუქტს "ნაყინი" უწოდეს. თავდაპირველად იგი იწოდებოდა როგორც "ცივი ნაღები", როგორც დღეს ვამბობთ ცივი ჩაისა და ცივი ყავის შემთხვევაში, რადგანაც თვით სახელწოდება "ნაყინი" სიცივის შეგრძნებას ტოვებდა. ნაღების ტიპის ნაყინი პარიზში 1774 წელს გამოჩნდა. აშშ-ის ტერიტორიაზე ნაყინის ღიად გაყიდვა 1777 წელს დაფიქსირდა. მაშინ ფართოდ ნაყინი ვერ დაინერგა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგანაც რთული იყო გაყინვის საშუალებებეით (ყინული, თოვლი) მენაყინეთა მომარაგება მთელი წლის განმავლობაში. მდგომარეობა არსებითად მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს შეიცვალა, როცა ე.წ "გამაგრილებელი მანქანები" შექმნეს.

რუსეთში ნაყინის გამოჩენას წინ უძღოდა რძისა და ნაღების ბუნებრივ პირობებში გაყინვა, რომელიც ლამაზი ბურბუშელას სახით ბლინებთან ერთად მაგიდაზე მიჰქონდათ. ნაყინი თავდაპირველად რუსეთში ევროპული რეცეპტების მიხედვით მხოლოდ სამეფო კარზე მზადდებოდა.

XVII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა სოლიდური სამეცნიერო შრომები გაყინული პროდუქტების თაობაზე. დაახლოებით 1700 წელს, უცნობმა ავტორმა შექმნა მანუსკრიპტი 84 გვერდის მოცულობით "გაყინული დესერტების მომზადების ხელოვნება". 1871 წელს მოსკოვში გამოიცა "უახლესი და სრული სამზარეულო წიგნი". ამ ნაშრომში არის სპეციალური თავი სათაურით "ვაკეთოთ ყოველგვარი ნაყინი". მასში წარმოდგენილია ნაყინის რეცეპტები, რომელთა დამზადება შეიძლება ნაღებისაგან, შოკოლადისაგან, ლიმონისაგან, ატმისაგან, მოცხარისაგან, ჟოლოსაგან, კვერცხის ცილისაგან, ალუბლისაგან. 1750 წელს პარიზელი კონდიტერები მენაყინეთა კოორპორაციაში გაერთიანდნენ.

ამერიკაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ომის დაწყების პერიოდში ნაყინის პირველი მაღაზიები გაიხსნა. ჯორჯ ვაშინგტონი ნაყინს აღმერთებდა. ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში მან ნაყინზე ასობით დოლარი დახარჯა. ჯორჯ ვაშინგტონი ნაყინს საკუთარ მამულშიც ამზადებდა. ამ მიზნით 1790 წლის ზაფხულში, ნიუ-იორკში მან 200 დოლარი დახარჯა!

თომას ჯეფერსონს და ჯეიმს მედისონს (ამერიკის მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს) ნაყინი აგრეთვე ძალიან უყვარდათ. მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე დოლი მედისონი მარწყვის ნაყინით სტუმრებს საზეიმო სადილზე (რომელსაც ქმრის მეორე ვადით არჩევას მიეძღვნა) გაუმასპინძლდა.

1843 წელს ინგლისელმა ნენსი ჯონსონმა ნაყინის დამზადების ხელის მოწყობილობა შექმნა და ეს გამოგონება დააპატენტა. ფულის უკმარისობის გამო, მან ამ მოწყობილობის გამოშვების ორგანიზება ვერ შეძლო, ამიტომაც პატენტი 200 დოლარად ფილადელფიელ ვაჭარს მიჰყიდა. მან 1847 წელს პირველი "ფრიზერების" გამოშვება დაიწყო და იმ პერიოდში არსებული მოთხოვნილება დააკმაყოფილა. 1851 წელს, ბალტიმორში ნაყინის წარმოების პირველი ფაბრიკა გაიხსნა ჯეიკობ ფრუსელმა (ფასელმა). იგი რძის გაყიდვით ირჩენდა თავს, მაგრამ ნაღები როგორ გამოეყენებინა, არ იცოდა. შემდეგ გადაწყვიტა ნაღებისაგან ნაყინი ეწარმოებინა, რძის გაყიდვას კი თავი დაანება.
ნაყინი კარგად საღდებოდა. დაგროვილი ფული ნაყინის წარმოებაში ჩადო. სულ მალე მან ახალი ფაბრიკები ააშენა ვაშინგტონში, ბოსტონში, ნიუ-იორკში.

სწორედ ჯეიკობ ფრუსელი (ფასელი) ითვლება ნაყინის ინდუსტრიის მამად. ნაღების ნაყინი ხილის, სიროფისა და თხილის დამატებით პირველად დამზადდა 1881 წელს თუ-რივერსში (ორი მდინარე) ვისკონსინის შტატში, ედ ბერნერსის ნაყინის მაღაზიაში. ნაყინი 5 ცენტი ღირდა, იგი მხოლოდ კვირა დღეს იყიდებოდა. პირველი ფაბრიკის მშენებლობის შემდეგაც, მრავალი წლის განმავლობაში ნაყინს ძველი ხერხით ამზადებდნენ ლითონის ბურთულების მეშვეობით. ნაყინი ვაფლის ჭიქებში მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. 1845 წელს რუსი ვაჭრის, ივან იზლერის სახელზე გაიცა პატენტი ნაყინის მომზადების მანქანის შექმნასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნაყინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში კუსტარულ პირობებში ქმნიდნენ, თანაც უმნიშვნელო რაოდენობით. რუსეთში ამ პროდუქტის მასობრივად წარმოების თარიღად მიჩნეულია 1932 წელი, როცა მოსკოვში, ქალაქის რძის ქარხანაში და #2 მაცივარში ნაყინის პირველი საამქროები შეიქმნა.

ამერიკაში მრავალი წლის განმავლობაში ნაყინის მხოლოდ ერთ პარტიას აწარმოებდნენ, რომელსაც არ თუ ვერ ინახავდნენ და მაშინვე გასაყიდად აგზავნიდნენ. 1925 წელს, კლარენს ვოგტმა (ლუისვილი, კენტუკის შტატი) გამოიგონა მუდმივი გაყინვის მანქანა (მაცივარი). სულ მალე ყველგან გაჩნდა ჯიხურები, სადაც ნაყინს ჰყიდდნენ. ამერიკაში ცივი ნუგბარი სხვა დესერტებთან შედარებით უფრო პოპულარულია. დღეისათვის, ყოველი ამერიკელი საშუალოდ 24 კვარტ ნაყინს მიირთმევს წელიწადში. ამერიკა ყველაზე მეტ ნაყინს აწარმოებს და მოიხმარს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამიტომაც, ეს სახელმწიფო ნაყინის მსოფლიო კაპიტოლიუმად ითვლება. ყოველწლიურად ამერიკა აწარმოებს 900 მილიონ გალონზე მეტ ნაყინს. ყველაზე პოპულარული მათგან ვანილის ნაყინია. ამ პროდუქტის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ 1984 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ივლისი ნაყინის ეროვნულ თვედ გამოაცხადა, ივლისის მეორე კვირა _ ნაყინის ეროვნულ დღედ, რითაც პატივი მიაგო ამ პროდუქტის პოპულარობას აშშ-ში.

საინტერესოა, რომ მედიცინის მამა ჰიპოკრატე ნაყინს უწოდებდა იმ პროდუქტს, რომელიც ჯანმრთელობას აჯანსაღებს. იგი პაციენტებს ამ პროდუქტის მიღებას ურჩევდა, რადგანაც იგი შეიცავს წვენებს და აუმჯობესებს განწყობილებას. ალექსანდრე მაკედონელი (IV საუკუნე ჩვენს ერამდე) სპარსეთში და ინდოეთში ლაშქრობის დროს სიცხისაგან თავს იმით იცავდა, რომ თოვლიან ხილის წვენებს მიირთმევდა. მონების სპეციალურ ჯგუფებს მთებიდან და გამოქვაბულებიდან თოვლი ჩამოჰქონდათ.

კარლოს I ინგლისელის მეუღლეს ჰენრიეტა მარიას საკუთარ ამალაში ჰყავდა ნაყინის პირადი კონდიტერი ჰერალდ ტისაინი. მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი რეცეპტების საიდუმლოებას გაამჟღავნებდა.

ფრანგი ტექნოლოგი და ბიოლოგი რენე ანტუან რეომიური 1734 წელს გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საჭიროა გაყინული ნარევის ჩამოცილება დანით ჭურჭლის კედლებიდან დროდადრო. მიიღებოდა "რბილი" და არამყარი ნაყინი.

ცივი ნუგბარის ისტორია არასრულყოფილი იქნება, თუკი თუნდაც ერთი ფირმის მაგალითზე არ განვიხილავთ ნაყინის წარმოების პროცესს. ეს გახლავთ ძალზე ფართო მასშტაბის ბიზნესი, რომელსაც დიდი თანხების მოზიდვა შეუძლია. აშშ-ში ჩამოყალიბებული ფირმა "Bასკინ ღობბინს" მსოფლიოს 54 ქვეყანაში (მათ შორის _ საქართველოშიც) მოქმედებს. ამ მარკის 4400-ზე მეტი კაფეა გახსნილი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ნაყინის მწარმოებელი განთქმული ფირმის "ბასკინ რობინსის" დაფუძნება ირვინ რობინსს უკავშირდება. მის მშობლებს ქალაქ ტაკომაში (კალიფორნიის შტატი) კარაქის სადღვები გააჩნდათ. ნარჩენი პროდუქციისაგან ისინი ნაყინს აწარმოებდნენ. ეს პროდუქტი იმ მაღაზიებში, რომლებსაც რობინსები ამარაგებდნენ, ცუდად საღდებოდა, ამიტომაც მათ საკუთარი მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს.

ირვინმა მუშაობა მაღაზიაში 1930 წლიდან დაიწყო. იგი მშობლებს ეხმარებოდა, თანაც ნაყინის კაფეში დამკვიდრებული ატმოსფერო ძალიან მოსწონდა. სამუშაო დღეს მშვენიერი განწყობით ამთავრებდა. იგი 17 წლის იყო, როცა ერთ დღეს დასვენება გადაწყვიტა და მეგობრებთან ერთად გართობა გადაწყვიტა. მამამ იგი თავისთან დაიტოვა და მკაცრად დამოძღვრა: "აი, რას გეტყვი შვილო, შენ მუშაობ და ისინი სეირნობენ, მაგრამ დადგება დღე, როცა შენ ისეირნებ, მათ კი მუშაობა მოუწევთ"... სკოლის დამთავრების შემდეგ, რობინსი უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1942 წელს არმიაში გაიწვიეს. ომის შემდეგ მას უნდა გადაეწყვიტა რომელი მიმართულებით ევლო. მას მშობლიურ ქალაქში დაბრუნება არ სურდა, სადაც მამამისი მაღაზიაში მუშაობას აიძულებდა. ირვინმა გეზი სამხრეთისაკენ, ქალაქ სან-ხოსესკენ აიღო (კალიფორნიის შტატი). მან ნაყინის მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. ირვინ რობინსს გააჩნდა დანაზოგი 6000 დოლარის ოდენობით. მან მხოლოდ შემთხვევით ერთი თვის შემდეგ იპოვა ადგილი მაღაზიისთვის ქალაქ ლოს-ანჯელესში. მამას ირვინისთვის არა ერთხელ უთქვამს, რომ ერთი მაღაზიით ბევრ ფულს ვერ იშოვიდა, ამიტომაც რობინსმა მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იჯარით აიღო. მან მეგობარი ბარტონ ბასკინსი დაითანხმა იმაზე, რომ ნაყინით ვაჭრობა ერთობლივად დაეწყოთ.

თავდაპირველად ცალკე მუშაობდნენ, შემდეგ მათ საკუთარი ფაბრიკა შექმნეს, რომელიც ნაყინს აწარმოებდა. ამ პროდუქციით მარაგდებოდა ის მაღაზიები, რომლებიც იჯარით აიღეს. რობინსმა პირველი კაფე 1945 წლის 5 დეკემბერს გახსნა, რომელსაც "სნოუ ბერდ" _ თოვლის ჩიტი ერქვა. აქ მყიდველს 21 დასახელების ნაყინს სთავაზობდნენ, ლამაზი პლაკატები ყოველი სახეობის ნაყინს რეკლამას უწევდა. განსაკუთრებული ისიც იყო, რომ ნაყინს თან ერთვოდა სპეციალური კოვზები, რომლითაც კლიენტები ნაყინს მიირთმევდნენ. დროთა განმავლობაში ბასკინსა და რობინსს საკუთარი უნიფორმა გაუჩნდათ, ხოლო ნაყინის სახეობების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა _ თვის დღეების მიხედვით. ვარდისფერი და ყავისფერი თეთრ ფონზე ნაყინის მრავალფეროვნებას, პროდუქტის სისუფთავეს და იმ სიხარულს აღნიშნავდა, რაც ამ პროდუქტს მოაქვს. ტყუილუბრალოდ კი არ მუშაობს კომპანია "ბასკინ რობინსი" დევიზით: "ჩვენ ვყიდით არა ნაყინს, არამედ ყველაზე ჭეშმარიტ სიხარულს!". 1948 წლისათვის რობინსს "სნოუ ბერდის" უკვე 5 მაღაზია გააჩნდა, ხოლო ბასკინსს _ "ბარტონის" სამი მაღაზია.

თითქოსდა წარმატებული ბიზნესის არსებობისას, მეწარმეთა წინაშე იდგა ამოცანა: როგორ გადაექციათ საკუთარი წარმოება მომგებიან ბიზნესად. შემდგომში რობინსი ხუმრობდა: "ძალიან გამიმართლა, რადგანაც ბუხჰალტერია არასოდეს შემისწავლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინვე აღმოვაჩენდი, რომ გავკოტრდი. მე კი მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა".

პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მაღაზიები მფლობელთა ადგილზე გამუდმებით ყოფნას მოითხოვდნენ, მათ ფხიზელ ყურადღებას. ორივე მეპატრონე დროის უმეტეს ნაწილს სათაო ოფისში ატარებდნენ. ბასკინი და რობინსი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ დაქირავებული პერსონალი მეპატრონეების მსგავსად საქმისადმი მგზნებარე დამოკიდებულებას არასოდეს გამოამჟღავნებდა. სწორედ ამ დროს მათ გაუჩნდათ იდეა _ მაღაზიები უშუალოდ მათი მმართველებისათვის მიეყიდათ. ფირმის მეპატრონეები ამ მაღაზიებს ნაყინითYმოამარაგებდნენ, ხოლო მმართველები (მაღაზიის მეპატრონეები რომ გახდნენ) შემოსავალზე თვითონ იზრუნებდნენ. ასე იქნა რეალიზებული პირველად პრაქტიკაში ფრანჩაიზინგის სისტემა კვების დარგში.

ბასკინსმა და რობინსმა საკუთარი ნაყინით ვაჭრობის უფლების გაყიდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს (ეს მეთოდი შემდგომში გამოიყენა რეი კროკმა, რომელმაც "მაკდონალდსის" იმპერიაში უზარმაზარ ფინანსურ წარმატებას მიაღწია _ სწრაფი კვების ობიექტები მსოფლიოში დაამკვიდრა).
ბასკინსმა და რობინსმა ზრუნვა დაიწყეს ასორტიმენტის გაზრდაზე, გააუმჯობესეს საკუთარი პროდუქცია არომატისა და გემოს მიხედვით.

ტრადიციულად, საყვარელ გემოს (ვანილი, მარწყვი, შოკოლადი) დაემატა გოგრის ნამცხვრისა და ნესვის არომატიც. 1953 წელს ცნობილი დევიზის "31 არომატი" შექმნის შემდეგ ფირმის სახელწოდება შეიცვალა. ფირმა დღეს "ბასკინ რობინსის" სახელწოდებას ატარებს. მის განკარგულებაშია 500-ზე მეტი არომატული დამატებანი. მფლობელები არომატის გამას ყოველთვიურად ცვლიან, ამასთან სიახლეებს კარებს ყოველთვის უღებენ. ყველაზე საუკეთესო არომატი ფირმის მესვეურებმა მყიდველის შეთავაზების შემდეგ გამოიყენეს! ასეთი წინადადებების მისაღებად ფირმა იხდის სატელეფონო საუბრებს კლიენტებთან, ფარავს მათ საფოსტო დანახარჯებს. სარწმუნო ინფორმაციით, ნაყინის დამზადების დანადგარები ექსკლუზიური უფლებით "ბასკინ რობინსისთვის" აშშ-ში მზადდება. კაფეში მუშაობის დაწყებამდე პერსონალი ბასკინ რობინსის საწარმოებში მოღვაწეობის სპეციალურ კურსებს გადის. დიახ, ასეთ სერიოზულ დამოკიდებულებას ავლენენ ფირმის ხელმძღვანელები ყველასთვის საყვარელი ისეთი ნუგბარის წარმოებისადმი, როგორიცაა ნაყინი _ ჭეშმარიტად სახალხო პროდუქტი!

ვეფხია სამსონიძე