ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ბრიტანეთის ბოლო ავტომწარმოებელიც ისტორიის კუთვნილება ხდება
#2(6), 2005
გაკოტრების პირას

კომპანია "MG როვერი" ავტომობილების ბოლო ბრიტანელი მწარმოებელია და როგორც ჩანს, მალე ისიც ისტორიას ჩაბარდება. არცთუ დიდი ხნის წინ, ეს მარკა უკვე იდგა კატასტროფის წინაშე. მაშინ ის "ბეემვეს" კუთვნილება იყო, თუმცა იმის გამო, რომ მისთვის უზარმაზარი წაგების მეტი არაფერი მოუტანია, ბავარიულმა კონცერნმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
მაშინ "როვერი" ინგლისელ ბიზნესმენთა მიერ შექმნილმა კონსორციუმმა "ფინიქს ვენჩარ ჰოლდინგსმა" იხსნა. ბავარიელთა კეთილი ნებით, "ფინიქსმა" სიმბოლურ ფასად (ერთ დოლარად) შეიძინა კომპანიის საწარმო, რომლის ორი ყველაზე მომგებიანი შტო - "ლენდ როვერი" და "მინი" შესაბამისად "ფორდსა" და "ბეემვეს" დარჩა.

ერთ დოლარად ბირმინგემის მახლობლად მდებარე ლონგბრიჯის საწარმოს შეძენა მხოლოდ საქმის დასაწყისი იყო, იმ საქმისა, რომელსაც სასიკეთო პირი მაინც არ უჩანდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კონსორციუმი თავისი ფინანსური შესაძლებლობებით არ გამოირჩეოდა, მეორეც, კომპანიის სამოდელო გამა თითზე ჩამოსათვლელ ავტომობილებს მოითვლიდა. აშკარა იყო, რომ გამის გაფართოების გარეშე საქმე წინ ვერ წავიდოდა და "MG  როვერს" ("ბეემვესგან" წარმოების უფლების გამოსყიდვის შემდეგ, კომპანიას ეს სახელი ეწოდა) კიდევ ერთხელ დაუდგებოდა ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ამასთან დაკავშირებით იმის გახსენებაც საჭიროა, თუ რამ აიძულა "ბეემვე", თავიდან მოეშორებინა მთელი კომპანია. ბავარიელთა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ "როვერის" წარმოების გასაფართოვებლად უზარმაზარი თანხის ინვესტიცია იყო საჭირო. ამ რისკზე "ბეემვე" არ წავიდა და "როვერის" თავიდან მოშორება ამჯობინა.

სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია ახლახან "ჯენერალ მოტორსსაც" შეექმნა, რომელსაც "ფიატის" სრულად შესყიდვის ვალდებულება ჰქონდა აღებული, მაგრამ იტალიური კონცერნის უზარმაზარი ვალების გამო, ამერიკელებმა თავისი ვალდებულების არშესრულება და ამის სანაცვლოდ კონტრაქტის დარღვევისთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის გადახდა ამჯობინეს.

მოკლედ, რაც "MG როვერმა" დამოუკიდებელი ფუნქციონირება დაიწყო, მისი სამოდელო გამა თითქმის არ შეცვლილა. ეგაა, დროდადრო "როვერელები" თავიანთი მოდელების ფეისლიფტინგსა და უმნიშვნელო მოდერნიზებას ახერხებდნენ, რაც გაყიდვებზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა. თანდათან შემცირდა ისედაც მცირე მოთხოვნა ინგლისური მარკის ავტომობილებზე, აპრილის დასაწყისში კი კომპანიის ხელმძღვანელობამ "დროებით" გააჩერა თავისი ერთადერთი, ლონგბრიჯის ქარხანა.

"დროებითი" გაჩერების მიზეზი მიმწოდებელთა მიერ მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდების შეჩერება გახდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი შეიქნა, რომ "MG როვერის" ანგარიშზე თითქმის ამოწურული იყო თანხები და კომპანია მიწოდებული ნაწილების საფასურის გადახდას მალე ვეღარ შეძლებდა. მიმწოდებელთა უმეტესობამ თავიანთ პროდუქციაში ნაღდი ფული მოითხოვა, რისი შესრულებაც "MG როვერს" არ შეეძლო.

პარალელურად "MG როვერის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩინურ ავტოკომპანია "შანხაი აუტომოტივ ინდასტრიზ კორპორეიშნთან" (შემოკლებით შAIჩ), რომელმაც მანამდე "MG როვერის" აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენის სურვილი გამოთქვა. სწორედ ჩინურ კომპანიაზე იყო დამოკიდებული, გადაურჩებოდა თუ არა კატასტროფას " MG როვერი".

ჩინელებთან მოლაპარაკებას ბრიტანეთის მთავრობაც აქეზებდა, რომელიც მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ შAIჩ დათანხმდებოდა "MG როვერის" შეძენაზე, კომპანიისთვის 200 მილიონდოლარიანი, გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხი გამოეყო.

ბრიტანეთის მთავრობა იმდენად იყო დაინტერესებული ჩინელებთან შეთანხმების მიღწევით, რომ ქვეყნის პრემიერ ტონი ბლერს თავის ჩინელ კოლეგასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 25-წუთიანი სატელეფონო მოლაპარაკებაც კი ჰქონია. თუმცა, ალბიონელთათვის სასურველი შედეგი არც ამას მოჰყოლია და "ფინიქსის" ხელმძღვანელობაც შინ ხელცარიელი დაბრუნდა.
ჩინელთათვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ფინანსური ვალდებულებანი, რომლებიც "MG  როვერს" გააჩნია თავისი ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლების წინაშე. კერძოდ, თუ ჩინური კომპანია შეიძენდა "MG როვერს" და საქმეს ვერც ამ შემთხვევაში ეშველებოდა, მაშინ შAIჩ-ს გადასახდელი იქნებოდა "MG როვერის" ყველა საპენსიო ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩინურ კომპანიას წლების და ათწლეულების განმავლობაში დაამძიმებდა.

ბევრი იმასაც შიშობს, რომ ჩინელებს მოლაპარაკება სპეციალურად შეჰყავდათ ჩიხში, რადგან მათთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ  MG როვერი" გაკოტრდებოდა. ამ შემთხვევაში, ავტოკომპანიის ვალების გასტუმრება მისი გაყიდვით მიღებული თანხებით მოხერხდება. მთლიანად კომპანიას კი არავინ იყიდის. ის ნაწილებად დაიშლება და ნომინალურ ფასზე იაფად გაიყიდება. ამ შემთხვევაში, შAIჩ შეიძენს მხოლოდ იმას, რაც თავისი საქმიანობისთვის სჭირდება. თავისთავად, ასე ნაკლების გადახდა მოუწევს. თანაც, როცა გაკოტრებული კომპანიის აქტივები იყიდება, მისი ფასი გაცილებით ნაკლებია ნომინალთან შედარებით.

სახელმწიფო იძულებული გახდა, შეექმნა მეთვალყურეთა საბჭო, რომელიც შეისწავლიდა გაკოტრების პირას მყოფი "MG როვერის" შესაძლებლობებს და შესწავლილი მასალის საფუძველზე დაადგენდა, თუ რისი გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი ავტოკომპანიისაგან. "ფინიქს ვენჩურის" თხოვნით, მეთვალყურეთა საქმიანობის დაწყება დროებით შეჩერდა. ბევრი მოელოდა, რომ ამას ჩინელებთან მოლაპარაკების განახლება და სასურველ შედეგამდე მიყვანა მოჰყვებოდა. გარდა ამისა, მთავრობამ 75 მილიონი დოლარი გამოჰყო "MG როვერის" 6000 თანამშრომლისადმი და ბრიტანელი მომწოდებლებისადმი მიმდინარე დავალიანების დასაფარად.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ავტოგიგანტის გარდა, "MG როვერის" ხელმძღვანელობას მოლაპარაკება ჰქონდა ინდურ "ტატას" ჯგუფთანაც, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ შეუდგა თავის "როვერიზებულ" სედან "ინდიკას" გამოშვებას. "ტატამ" ამ მოდელის ევროპაში გაყიდვების დაწყებაც სცადა, მაგრამ კრახი განიცადა, რის შემდეგაც "როვერთან" თანამშრომლობას შეუდგა.

სხვათა შორის, ახლახან ლონგბრიჯის ქარხანამ არსებობის 100 წლის იუბილე აღნიშნა. სამწუხაროდ, ეს შეიძლება მისთვის ბოლო იუბილე აღმოჩნდეს.
"MG როვერის" გაკოტრება ცუდად იმოქმედებს იმ ათეულობით კომპანიაზეც, რომლებიც მას მაკომპლექტებელ ნაწილებს აწოდებდნენ. მოსალოდნელია, რომ ბოლო ინგლისური ავტომწარმოებლის გაკოტრება მათ უმეტესობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს კი ათეულობით ათასი სპეციალისტის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს. მთავრობა იმედოვნებს, რომ "MG როვერის" გადარჩენის პროცესში ჩართავს მისსავე პარტნიორ კომპანიებს, რომელთა კეთილდღეობა მეტწილად სწორედ "MG როვერის" გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.
თუმცა, არავის სურს ჩაერთოს იმ კომპანიის გადარჩენის კამპანიაში, რომელიც ყოველთვიურად 20-25 მილიონ დოლარს კარგავს.

ლონგბრიჯის ქარხანაში წარმოების გაჩერებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩინურმა კომპანიამ საბოლოოდ შეწყვიტა მოლაპარაკებები "MG როვერის" შეძენის თაობაზე. თუმცა, იმავდროულად, ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ თითქოს, ბრიტანული კომპანიის შეძენის სურვილი გამოთქვა რუსმა მილიარდერმა ნიკოლაი სმოლენსკიმ, ვინც ცოტა ხნით ადრე საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა იმის გამო, რომ შეიძინა სპორტული ავტომობილების მწარმოებელი მცირე ინგლისური კომპანია თVღ.
ოფიციალური დადასტურება ამ ცნობას არ მოჰყოლია და მალე ყველამ დაივიწყა სმოლენსკი, რომლის ადგილი კიდევ ერთმა რუსმა მილიარდერმა, ოლეგ დერიპასკამ დაიკავა. ეს ის კაცია, რომელსაც ეკუთვნის გაერთიანება "რუსპრომავტო", ამ გაერთიანებაში კი შედის ისეთი ავტომწარმოებელი ქარხნები, როგორებიცაა გაზ-ი, პაზ-ი და "ურალი". თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსიაც არ დადასტურდა.

იმედი ირანიდან

მას შემდეგ, რაც შეწყდა მოლაპარაკება შAIჩ-თან და ბრიტანელებმა პრაქტიკულად დაკარგეს "MG როვერის" გადარჩენის იმედი, გაჩნდა ახალი შანსი, რომელიც ამჯერად ირანთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, სამმა ირანულმა ავტოკომპანიამ, რომლებიც ნაწილობრივ მთავრობას ეკუთვნის, "MGG როვერის" შეძენით დაინტერესება გამოთქვა.

ამ სამი კომპანიიდან ერთია "ირან ხადრო", რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია და გეგმაში აქვს წლიურად მილიონი ავტომობილის წარმოება. ამისათვის მას წარმოების გაფართოება სჭირდება. ახლახან "ირან ხადრომ" მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც პარტნიორების ერთობლივ მოქმედებას ითვალისწინებს ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. გარდა ამისა, "ირან ხადროს" საწარმოები აქვს როგორც საკუთრივ ირანში, ასევე აფრიკასა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში.

მეორე კომპანიაა "საიპა", რომელიც ირანის მეორე უდიდესი ავტომწარმოებელია. თუ "ირან ხადრო" ჯერ მხოლოდ ფიქრობს " MG როვერის" შეძენაზე, "საიპას" მოლაპარაკებაც კი ჰქონია "ფინიქსთან", თუმცა ირანელთა მთავარ მიზანს "MG როვერის" მთლიანად შესყიდვის სურვილი არ წარმოადგენდა.

კიდევ ერთი ირანული ავტოკომპანია, რომელმაც "MG  როვერის" შესყიდვის სურვილი გამოთქვა, არის "დასტაანი". ეს კომპანია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია ბელუჩისტანსა და სისტანში მდებარეობს და ერთ-ერთ ცნობილ ირანელ პოლიტიკოსს ეკუთვნის.

"დასტაანის" ხელმძღვანელობას შარშან მოლაპარაკებები ჰქონია "MG როვერთან". მოლაპარაკება ეხებოდა ირანში წლიურად 150 ათასი "როვერის" წარმოების შესაძლებლობას, თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანელებმა ბრიტანელთა ფინანსური პრობლემების შესახებ შეიტყვეს, მაშინვე ხელი აიღეს განზრახვაზე.

გზა გაკოტრებისაკენ

თავისი არსებობის განმავლობაში "როვერმა" ბევრი ბრიტანელი და უცხოელი პატრონი გამოიცვალა. კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 1994 წელს დადგა, როცა ის "ბეემვემ" შეიძინა. სხვათა შორის, მანამდე "როვერი" მჭიდროდ თანამშრომლობდა "ჰონდასთან", რომლის წყალობითაც რამდენიმე ახალი მოდელის მომზადება შეძლო. თუმცა, ეს ავტომობილები უფრო "ჰონდას" სახეშეცვლილ და მცირედ მოდერნიზებულ მოდელებს წარმოადგენდა. თანაც, ინგლისური მარკით წარმოებული ავტომობილები თავის იაპონურ ანალოგებზე ძვირი ღირდა. პარტნიორობასთან ერთად, იაპონური კომპანია "როვერის" აქციების საკონტროლო პაკეტსაც ფლობდა, თუმცა ეს პარტნიორობა დიდხანს არ გაგრძელებულა და იაპონელებმა მათ მფლობელობაში არსებული აქციები ბრიტანულ აეროკოსმოსურ კომპანია "ბრიტიშ აეროსპეისს" მიჰყიდეს, რომელმაც მალე ისინი "ბეემვეს" გადააბარა.

ბავარიელთა ხელში "როვერს" ცოტა გამოცოცხლება დაეწყო. მომზადდა სრულიად ახალი უგზოობის ავტომობილი "ფრილენდერი" და სედანი 75, თუმცა ამან პრობლემები ვერ შეამცირა და "ბეემვემაც" წამგებიანი კომპანიის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

ჯერ გადაწყდა საწარმოს დახურვა და "როვერის" მარკის გაუქმება. ამასთან, ბავარიელებმა ინგლისური შტოს ყველაზე მომგებიანი და პერსპექტიული ქვეკომპანია "ლენდ როვერი" "ფორდს" მიჰყიდეს. თავად კი ახალი "მინის" წარმოების უფლება დაიტოვეს.

მაშინაც საქმეში ბრიტანეთის მთავრობა ჩაერია, რომლის მონდომებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ბრიტანელმა ბიზნესმენებმა, რომლებიც "როვერის" ქმედითუნარიანობის შენარჩუნებით იყვნენ დაინტერესებულნი და რომელთა დიდ ნაწილსაც პატრიოტული მიზნები ამოძრავებდა, შექმნეს კონსორციუმი სახელად "ფინიქსი". კონსორციუმს ბავარიელთაგან უნდა შეეძინა "როვერის" აქციები. რა მოჰყვა ამ კონსორციუმის შექმნას, ზემოთ უკვე ითქვა _ "ფინიქსს" ინგლისელთა სიამაყის გადარჩენა სულ ერთი დოლარი დაუჯდა. "როვერის" აქციების შესაძენად გათვალისწინებული დაახლოებით მილიარდი დოლარი კი (სწორედ ეს თანხა დაუჯდა "ბეემვეს" იმ სამი მოდელის შესაქმნელად, რომლებიც "როვერმა" მის მფლობელობაში ყოფნისას გამოუშვა) წარმოების გადასახალისებლად მიმართა. თუმცა, ამ თანხით მაინც არ მოხერხდა სრულიად ახალი ავტომობილის ბაზარზე გამოშვება.

თუ 60-იან წლებში "როვერი" ბრიტანული ავტობაზრის თითქმის 40 პროცენტს აკონტროლებდა, ახლა მისი წილი 3 პროცენტსღა შეადგენს, ევროპულ ბაზარზე კი მისი წილი ერთ პროცენტზე ნაკლებია.

შAIჩ-თან მოლაპარაკებისას ბრიტანელები იმედოვნებდნენ, რომ ჩინური კონცერნი "MG როვერის" აქციების 70 პროცენტს შეიძენდა და მასში 1.44 მილიარდ დოლარს დააბანდებდა. ამ თანხიდან დაახლოებით 800 მილიონი დოლარი ვალების დასაფარად იყო საჭირო, რომლებიც "MG  როვერს" ჯერაც "ბეემვესი" მართებს _ ბავარიელთაგან კომპანიის ყიდვისას "ფინიქსმა" პირობა დადო, რომ თუ "როვერი" დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა, მაშინ "ბეემვეს" "ფინიქსისგან" სწორედ 800 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე...…

იმ დროს, როდესაც დადგა "MG  როვერის" ყოფნა-არყოფნის საკითხი, კომპანიის საკონსტრუქტორო შტაბმა შექმნა სიახლე, რომლის მსგავსი მანამდე ავტოინდუსტრიაში არავის გამოუყენებია. მომზადდა ძრავი, რომელსაც არ გააჩნია ჩვეულებრივი, მექანიკური აირგამანაწილებელი. ამ მისიას "როვერის" აგრეგატში გამანაწილებელი ლილვების ნაცვლად ასრულებს სპეციალური სისტემა, რომელსაც "ინტელიჯენტ ველვ ექტვეიშნ" ეწოდა.

ამ სისტემაში გამანაწილებელი ლილვის მუშტების მოვალეობას ასრულებს 16 ცალი როტორული ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომლებსაც თითო სარქველის მუშაობის გაკონტროლება ევალებათ. სწორედ ამ მოწყობილობათა მეშვეობით ხდება სარქველების გახსნა და დახურვა. მთელ ამ სისტემას აკონტროლებს ერთი ელექტრობლოკი, რომელიც ინფორმაციას ღებულობს ძრავის სხვა გადამწოდებისგანაც.

"MG როვერის" ძრავების განყოფილების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი სისტემა განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა ძრავი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი. ამ სისტემის მეშვეობით მიიღწევა ეკონომიურობისა და სიმძლავრის, ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი სისტემის შექმნაზე რამდენიმე დიდი კომპანია, მათ შორის "მერსედეს-ბენცი", "ბეემვე" და "ჰონდაც" მუშაობს, მაგრამ აქამდე ჯერ არცერთ მათგანს არ განუცხადებია საპროექტო სამუშაოების დასრულების თაობაზე.

დაბოლოს...

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ "MG როვერის" აქტივებს ჩინური კომპანია "ნანძინ ავტომობილი" შეიძენს. ამასთან, ინგლისური კომპანიის ახალი მფლობელი პირობას დებს, რომ ლონგბრიჯის ქარხანას შეინარჩუნებს და მასში სამუშაოდ 2000-მდე თანამშრომელს დაიქირავებს.

"ნანძინ ავტომობილზე" დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არჩევანი შეაჩერა სააუდიტორო კომპანია "პრაის უოტერჰაუს კუპერმა", რომელსაც გაკოტრებული "MG როვერის" აქტივების განკარგვა ჰქონდა დაკისრებული. "პრაის უოტერჰაუსმა" უარით გაისტუმრა "შანხაი აუტომოტივი", რომელიც მანამდე ინგლისური მარკის შეძენის უპირველეს კანდიდატად მოიაზრებოდა.
"MG როვერის" ახალმა მფლობელმა გამოაცხადა, რომ ინგლისური კომპანიის რამდენიმე საწარმოს, მათ შორის ძრავების მწარმოებელ "პაუატრაინსაც" ჩინეთში გადაიტანს. სამაგიეროდ, ლონგბრიჯის ქარხანაში დასაქმდება 2000 თანამშრომელი, რომლებიც წლიურად 80 ათას ავტომობილს დაამზადებენ.
თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ნანძინ ავტომობილი" (ყველაზე ძველი ჩინური ავტოკომპანია) თავისი გეგმის განხორციელებას შეძლებს.

ცნობისათვის, იმისათვის, რომ ლონგბრიჯის ქარხანა რენტაბელური იყოს, მან წლიურად ნახევარი მილიონი ავტომობილი უნდა აწარმოოს. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელთა ხელში ლონგბრიჯის ქარხანაში არ შენარჩუნდება ავტომობილის წარმოების სრული ციკლი. ინგლისურ საწარმოს მაკომპლექტებელ ნაწილებს, კვანძებსა და აგრეგატებს გარე მომწოდებლები (ძირითადად ჩინური კომპანიები) მიაწოდებენ, ადგილზე კი მხოლოდ აწყობა განხორციელდება.

"პრაის უოტერჰაუს კუპერს" არ გამოუცხადებია ის ფასი, რაც "ნანძინ ავტომობილს" დაუჯდა გაკოტრებული ინგლისური კომპანიის შეძენა. თუმცა "MG როვერიდან" გამოსული ხმების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩინელებს მისი აქტივების შეძენა 50-100 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

"MG როვერის" შეძენას ცდილობდა "შანხაი აუტომოტივიც", რომელმაც თავისი განაცხადი წარადგინა "ფორდის" ევროპული შტოს ყოფილ შეფთან, ავტოინდუსტრიის ცნობილ ექსპერტ მარტინ ლიჩთან ერთად. სხვათა შორის, შAIჩ-ის განაცხადს მხარს უჭერდა ბრიტანული ავტოინდუსტრიის პროფკავშირი, რომლის ხელმძღვანელობასაც მიაჩნდა, რომ უდიდესი ჩინური ავტოკომპანია ბრიტანეთში უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნიდა.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. შAIჩ-ი ფლობს "MG როვერის" ორი ყველაზე პოპულარული მოდელის, ჰეჩბეკ 25-ისა და სედან 75-ის ჩინეთში წარმოების უფლებას. თუმცა, შენაძენის გაკეთების შემდეგ, ამ ორი მოდელის წარმოებას (ჩინეთშიც და ბრიტანეთშიც) "ნანძინ ავტომობილიც" აპირებს. და კიდევ, ორივე ჩინური კომპანიის საკონტროლო პაკეტი ჩინეთის მთავრობას ეკუთვნის...

მერაბ ლორთქიფანიძე