ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი: გეოეკონომიკური პროექტის გეოპოლიტიკური შედეგები
#2(6), 2005
2005 წლის 25 მაისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ნავთობი საზეიმოდ გაუშვეს. ნავთობსადენის ფუნქციონირების დაწყება მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური მოვლენაა, რასაც გარდუვალად მოსდევს გეოპოლიტიკური ცვლილებებიც. 25 მაისს ბაქოში ნავთობსადენში გაშვებული ნავთობმა საქართველოს საზღვარი ივლისის დასაწყისში გადმოკვეთა, ხოლო სექტემბრის ბოლოს უკვე ჯეიჰანამდე მიაღწევს. საქართველო წელიწადში ნავთობის გატარების ტარიფს _ 50 მილიონ დოლარს მიიღებს. ოღონდ, ეს მას შემდეგ, რაც ნავთობსადენი სრულად დაიტვირთება.

ყაზახეთის მონაწილეობა რუსეთისათვის მოულოდნელი იყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარიანობა წელიწადში შეადგენს 50 მლნ ტონა ნავთობს, რომლის 60 მილიონ ტონამდე გაზრდა შეიძლება, ხოლო საქაჩი-სატუმბო სადგურების გაძლიერების შემთხვევაში გამტარიანობის მაქსიმუმ 85 მლნ ტონამდე გაზრდაც შესაძლებელია. მაგრამ არათუ 85 მილიონი, არამედ 50 მილიონი ტონა ნავთობიც აზერბაიჯანს დღეისათვის არ მოეპოვება. ისინი 2005 წელს მხოლოდ 20 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებენ.

ბაქო-ჯეიჰანის სრული მასშტაბით დასატვირთად ყაზახური ნავთობია საჭირო. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა, პირველ რიგში, ყაზახური ნავთობისთვის იყო გათვლილი", _ აღნიშნავს ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატი გადიბელკ შალახმეტოვი. მისივე თქმით, ყაზახეთი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს, მაგრამ გადასახედია ყაზახეთის კუთვნილი პროცენტული მაჩვენებელი. ამავე დროს, ყაზახეთის მნიშვნელობის საჩვენებლად, შალახმეტოვი იქვე აცხადებს, რომ ყაზახეთი სთავაზობს აზერბაიჯანს ნავთობი ჯეიჰანის ნაცვლად ჩინეთისაკენ გადაქაჩოს.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, დიდხანს მერყეობდა იმის თაობაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ბაქო-ჯეიჰანის პროექტში. მაგრამ პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული პროცესების გავლენით, დღეისათვის ნავთობსადენში ყაზახური ნავთობის გატარების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ყაზახეთი "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის პროექტს ოფიციალურად შეუერთდა. ამის შესახებ 25 მაისს განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ბაქოში ჩავიდა ნავთობსადენის ნავთობით შევსების დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ახლა აკტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი უნდა ეწოდოს", _ აღნიშნა ნაზარბაევმა. ყაზახური ნავთობის ჩართვის შემდეგ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობით შევსება პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს.

24 მაისს ნაზარბაევმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახეთი 30 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას აპირებს წელიწადში. "ამას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის სერიოზულ ეკონომიკურ საშუალებად მივიჩნევთ", _ აცხადებს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი დანიელ ახმეტოვი. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ დაიწყო კასპიის სანაპიროს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა "საუკუნის პროექტში" აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ახმეტოვი შენიშნავს, რომ პარალელურად განიხილება ნავთობის ტრანსპორტირების მეორე გზაც. უკვე მთავრდება ყაზახეთი-დასავლეთ ჩინეთის ნავთობსადენის მშენებლობა, არის სხვა პროექტებიც. "ყაზახური საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირება მრავალი მიმართულებით მოხდება", _ აცხადებს ახმეტოვი.

ასეთი განცხადებებისათვის ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლებს სრული საფუძველი აქვთ. ეს ქვეყანა ერთ-ერთი უმთავრესი ნავთობის მომპოვებელი ხდება. ბაქოში ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაზრდის ნავთობის მოპოვებას და 2015 წლისათვის ყაზახეთი უკვე მოიპოვებს დაახლოებით 150 მლნ ტონა ნავთობს წელიწადში.
დღეისათვის ყაზახური ნავთობი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით გადის.  ყაზახეთი, ცხადია, მოსკოვს ბოლომდე არ აწყენინებს და ნავთობის ნაწილის ტრანზიტს ისევ ნოვოროსიისკის მიმართულებით გააგრძელებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყაზახური ნავთობის წყალობით გამართულად იფუნქციონირებს ბაქო-ჯეიჰანი და ევროპის ბაზარი რუსეთის ალტერნატიულ ნავთობს მიიღებს. გარდა ამისა, რუსეთი დაკარგავს იმ შემოსავალსაც, რაც ყაზახური ნავთობის დიდი რაოდენობით ტრანზიტის შემთხვევაში შეიძლება მიეღო.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ახალმა ნავთობსადენმა, რომელმაც აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთთან დააკავშირა, შესაძლოა, მალე ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. ბაქო-ჯეიჰანი 2008 წლისათვის სრულად დაიტვირთება და დღეში ერთ მილიონ ბარელ ნავთობს გაატარებს. დღეისათვის ევროკავშირი რუსეთიდან დღეში დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობს ეზიდება, რაც რუსეთის მიერ დღიურად გამომუშავებული ნავთობის 90%-ს შეადგენს. "ეუ ობსერვერის"  ცნობით, შესაძლოა, რუსეთის წვლილი ევროპულ იმპორტში შემცირდეს _ თურქეთის გარდა, ახალი ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის ძირითადი იმპორტიორები თავიდან საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი გახდება. ჯერჯერობით რუსული ნავთობი საფრანგეთის იმპორტის 15%-ს, იტალიის 20%-ს, ესპანეთის 12%-ს და საბერძნეთის 27%-ს შეადგენს.

სომხეთში ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედებას შეშფოთებით და კრიტიკულად უყურებენ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედების მოახლოებას პრაქტიკულ სიბრტყეში გადააქვს მასთან დაკავშირებული ყველა გათვლა თუ მოლოდინი. სწორედ ამიტომ ბოლო დროს მკვეთრად იმატა განცხადებებმა და კომენტარებმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც ნავთობსადენის ფუნქციონირება მოიტანს. ნავთობსადენისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა სამხრეთ კავკასიაშიც. თუკი პროექტის მონაწილე აზერბაიჯანი და საქართველო ნავთობსადენზე მნიშვნელოვან იმედებს ამყარებენ, სომხეთში მის ამოქმედებას შეშფოთებით და კრიტიკულად უყურებენ.
ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი სომხეთს გვერდს აუვლიდა, ეს არა მარტო კარგად იცოდნენ ერევანში, არამედ თავად გააკეთეს ამგვარი არჩევანი. თავიდან, სანამ ნავთობსადენი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა, აზერბაიჯანი პირდაპირ სთავაზობდა სომხეთს "ნავთობი გაეცვალათ მიწაში". ნავთობსადენის სომხეთზე გატარების სანაცვლოდ სომხეთს უნდა დაეთმო ყარაბაღის გარეთ ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონები. სომხეთი ამაზე არ წავიდა. გამარჯვება ყარაბაღის ომში რეალური იყო, ნავთობსადენი კი მითიური, რომლის რეალიზებაც მეტად საეჭვო ჩანდა _ დასაძლევი იყო უამრავი ტექნიკური, პოლიტიკური და ორგანიზაციული სიძნელე, საჭირო იყო უზარმაზარი ფინანსები. დღეს ეს ყველაფერი უკვე განვლილი ეტაპია. სომხეთში ისღა დარჩენიათ, რომ გაითვალისწინონ ნავთობსადენის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები, ისევე როგორც იფიქრონ საკუთარი პოლიტიკის კორექტირების შესაძლებლობაზე.
"სომხეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის გამო ქვეყანა კიდევ ერთხელ დარჩა რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტის ფარგლებს გარეთ", _ განაცხადა სომხეთის პარლამენტის ფრაქცია "სამართლიანობის" თავმჯდომარემ ვიქტორ დალაქიანმა. ერევანში შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, რეგიონში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ნავთობსადენის დასაცავად ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს განახორციელებენ. დალაქიანის განცხადებით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო სფეროს დაფინანსებისათვის აზერბაიჯანმა 250 მლნ დოლარი გამოყო, ხოლო სომხეთმა 80 მლნ. აქედან გამომდინარე, რეგიონში დაძაბულობის შემთხვევვაში სომხეთს გარკვეული პრობლემები შეექმნება.
სომხეთი შეშფოთებულია იმით, რომ სამხრეთ კავკასიაში გამოიკვეთა ორი ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერდებიან, ხოლო ორიენტაციის  თვალსაზრისით მიბმულნი არიან ამერიკაზე. სწორედ ამიტომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარგარიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს არღვევს. "სომხეთისათვის აუცილებელი ხდება რეგიონული ბალანსის აღდენისათვის ალტერნატიული გზები ეძებოს", _ აღნიშნავს მარგარიანი. ასეთად მას სომხეთ-ირანის ნავთობსადენი და აგრეთვე საქართველოს გავლით ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირება წარმოუდგენია. ამას აზერბაიჯანში ირონიული კომენტარი მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ "ირან-სომხეთის გაზსადენი ვერანაირად ვერ გახდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის რეალური ალტერნატივა".
თუმცა, სავსებით გასაგებია სომეხი პოლიტიკოსების შეშფოთებაც, რომელთა თვალწინაც რეგიონში ყალიბდება ახალი საკომუნიკაციო ქსელი სომხეთის მონაწილეობის გარეშე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა _ მისი მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მილსადენის აზერბაიჯანის მონაკვეთის საექსპლოატაციოდ გადაცემის დღეს, გრძელდება ასტარა-რეშტის რკინიგზის მშენებლობა. ყოველივე ეს სომხეთისათვის უაღრესად შემაშფოთებელია. "რეგიონში იქმნება სარკინიგზო შტოები, იმ რკინიგზების ალტერნატიული, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს გაიყვანეს სომხეთის ტერიტორიაზე: ბაქო-მეგრი-ჯულფა და ბაქო-გიუმრი-ყარსი. მარტივად რომ ვთქვათ, სომხეთი ჩამოშორდება რეგიონის მთავარ კომუნიკაციებს და ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგაც კი ერევანი ვეღარ შეძლებს სტატუს-კვოს აღდგენას", _ წერდა გაზეთი "ეხო". ასეთ პირობებში სომხეთი მართლაც სერიოზული თავსატეხის წინაშე დგას. ან რეგიონული პროექტებიდან იზოლაციაში დარჩენა, ან ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაზე დაუყოვნებლივ ფიქრი, ანდა ის, რაზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა _ ალტერნატიული რეგიონული კომუნიკაციების ფორმირება, ოღონდ ამისათვის რუსეთი და ირანი საკმარისი არაა და საქართველოს მონაწილეობაც აუცილებელია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქართველ ექსპერტთა კომენტარები მოჰყვა. უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგების გზები უნდა ეძებოს. "თუკი სომხეთი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ბალანსი მის საზიანოდ დაირღვა, მაშინ ამ ბალანსის აღსადგენად ის აზერბაიჯანს უნდა შეურიგდეს", _ აღნიშნავს თემურ იაკობაშვილი. "სომხეთისათვის გამოსავალი ალბათ ის არის, რომ პირველ რიგში, აზერბაიჯანთან მოილაპარაკოს ტერიტორიის დაბრუნების შესახებ", _ აცხადებს მამუკა არეშიძე. მიუთითებენ იმაზეც, რომ სომხეთი თავის საგარეო ორიენტირს სერიოზულად ცვლის. ბოლო დროს სომხეთი საკმაოდ გააქტიურდა დასავლეთთან, კერძოდ, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში.

ნავთობსადენი და ყარაბაღის კონფლიქტი
ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება საუბარი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების აუცილებლობის თაობაზეც. 23 მაისს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ფარხად ალიევი ყარაბაღის კონფლიქტით აზერბაიჯანისთვის მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე ალაპარაკდა.  "სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციამ ქვეყანას 26,5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა", "აზერბაიჯანმა ხელიდან გაუშვა 10-დან 12 მილიარდამდე შემოსავალი, რომლის მიღებაც შეეძლო იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას არ მოახდენდა", _ ასეთია ოფიციალური ბაქოს პოზიცია.
ფარხად ალიევის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სომხეთი თითქოს მზად არის მთიანი ყარაბაღის გარშემო ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონი დატოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ვარშავაში ილხამ ალიევისა და რობერტ ქოჩარიანის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ქოჩარიანთან მოლაპარაკების დროს ილხამ ალიევმა კვლავ განაცხადა, რომ მზად არის კომპრომისებისათვის და ყარაღაბის სომხური მოსახლეობისათვის მაღალი დონის ავტონომიის მინიჭებისათვის. თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ვარშავაში კვლავ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომია სომხეთისათვის "განვლილ ეტაპს" წარმოადგენს და ერევანი მოითხოვს "არცახის (ყარაბაღის სომხური სახელწოდება) დამოუკიდებლობის აღიარებას".
აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის განცხადება პირველ რიგში "შიდა მოხმარებისთვისაა" განკუთვნილი. ნოემბერში აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და პრეზიდენტი ალიევი ოპოზიციისათვის ინიციატივის წართმევას ცდილობს, რომელიც თავის მხრივ სომხეთთან ომის განახლებისა და ყარაბაღის კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის. აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ილხამ ალიევის გარემოცვას ყარაბაღის ომის განახლების გეგმა იმ შემთხვევისათვის აქვს შემუშავებული, თუკი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკაში ვითარება გამწვავდება. იმისათვის, რომ მოსახლეობა აარიდონ ანტისაპრეზიდენტო აქციებს, აზერბაიჯანის არმიამ შესაძლოა სომხების მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის რაიონების გათავისუფლება დაიწყოს.
პრეზიდენტი ილხამ ალიევი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ თუკი ეს ვერ მოხერხდება, არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე იტყვის უარს. "ჩვენ მზად ვართ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მოლაპარაკებები ბოლომდე ვაწარმოოთ და თუკი დავინახავთ, რომ არის თუნდაც 5% მისი დარეგულირებისათვის, ჩვენ მივიღებთ ამაში მონაწილეობას. მაგრამ თუკი მოლაპარაკების გზით დარეგულირება შეუძლებელი გახდება, ჩვენ გამოვალთ მოლაპარაკებათა პროცესიდან და კონფლიქტს სხვა გზით გადავწყვეტთ", _ განაცხადა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის შსს-ს დაფუძნების მე-13 წლისთავზე გამოსვლისას.
ალიევი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში აზერბაიჯანისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იზრდება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ მიღებულ რეზოლუციას იხსენებს. "პირველად ევროპულმა ორგანიზაციამ სომხეთი აღიარა აგრესორად, დაგმო ეთნიკური წმენდების ჩატარება, რამაც მოლაპარაკებისთვის კარგი საფუძველი შექმნა", _ აღნიშნავს ალიევი.
ყარაბაღის "გაყინული" კონფლიქტი ანაქრონიზმი ხდება, მისი მოწესრიგებისაკენ გადადგმული ორმხრივი ნაბიჯები კი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მაუწყებელი იქნება რეგიონში.

ემუქრებიან თუ არა ტერორისტები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავრებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ჩნდება ვერსია ნავთობსადენზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. სახელდება ქურთული და სომხური ტერორისტული ორგანიზაციები. ისიც აღინიშნება, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში მოგებული პირველ რიგში რუსეთი დარჩება, რომლის პოლიტიკურ წრეებსაც ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედება მათთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად წამგებიანად მიაჩნიათ.
თავის დროზე, როდესაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი მხოლოდ იდეაში არსებობდა, მის საწინააღმდეგოდ პროექტის ძვირადღირებულებასთან ერთად, მოსალოდნელ ტერაქტებსაც ასახელებდნენ. ასეთი განცხადებებით მართლაც გამოდიოდნენ ქურთული და სომხური ტერორისტული ორგანიზაციები.
კერძოდ, ლიბანში მოქმედმა ულტრამემარცხენე სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ასალა"-მ ("სომეხთა საიდუმლო არმია სომხეთის გასათავისუფლებლად") 1993 წლის აგვისტოში სპეციალური გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ნავთობსადენს "სომხეთის ოკუპირებულ მიწაზე" (ე.ი. თურქეთში შემავალ დასავლეთ ანატოლიაში) არ უნდა გაევლო. "ასალა" ტერაქტებით დაემუქრა საუკუნის პროექტში ჩართულ კომპანიებს. 1995 წელს ამ ორგანიზაციიდან მუქარის ახალი ტალღა წამოვიდა. ამ წელს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულმა ვარუჟან კარაპეტიანმა ღია წერილით მიმართა სომხებს, რომ "აზერბაიჯანული ნავთობის გამო არ შელახულიყო არცახის (ყარაბაღის) გმირი ხალხის ინტერესები".
ნავთობსადენს ემუქრებოდა ქურთისტანის ეროვნული კონგრესიც, რომელსაც "ასალასთან" 1980 წლიდან თანამშრომლობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ორივე ორგანიზაცია მემარცხენე-რადიკალების გაერთიანება იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, თავის დროზე მათ საქმიანობას რუსული "კაგებე" უწყობდა ხელს.
ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების შემდეგ მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბარი თანდათანობით მინელდა. "ასალამ" ტერორისტული საქმიანობა შეწყვიტა, ქურთულმა ორგანიზაციამ კი "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ გამოაცხადა. მაგრამ ნავთობსადენის ამოქმედების მოახლოებამ ვითარება შეცვალა. 25 მაისს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საზეიმოდ შევსება დაიწყო, ხოლო 12 დღის შემდეგ _ 6 ივნისს ქურთისტანის ეროვნული კონგრესის მიმართვა გამოჩნდა: "პარტიას ახლა უკვე გააჩნია საკმარისი ძალა, რათა ქურთისტანის ინტერესები ეფექტურად დაიცვას. ეს აზერბაიჯან-თურქეთის ნავთობსადენსაც შეეხება, რომელიც ქურთისტანის მიწაზე გადის. ჩვენ შეგვწევს ძალა და საშუალება, რომ ამ მიმართულებით ვიაქტიუროთ".
ქურთების მხრიდან ტერაქტების განხორციელების მუქარამ მედიაში "ასალას" თემაც წამოატივტივა, თუმცა სომხეთში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. "ეს ინფორმაციები აზერბაიჯანული წყაროებით ვრცელდება. საერთოდ ნავთობსადენის საფრთხეებში სომხური კვალის ძებნა არასერიოზულად მიმაჩნია", _ აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრი ვან ბაიბურთი.
თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დიდი ნაწილი ე.წ. თურქეთის ქურთისტანის ტერიტორიაზე გადის, სადაც დღეს სიტუაცია პარტიზანული ომის განახლების პირასაა. ნავთობსადენი ხმელთაშუა ზღვას ხატაის მთიან რაიონზე გავლით უკავშირდება. სწორედ ამ ადგილებიდან იწყება არარსებული ქურთისტანის სახელმწიფოს საზღვრები, რომლის შექმნისთვისაც თავს სწირავენ აბდულა ოჯალანის ბოევიკები. ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა, რომ წყვეტს თურქეთის მთავრობასთან დადებულ ზავს. 2004 წლის ზაფხულში თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტებზე აფეთქებებიც მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ქურთმა ტერორისტებმა აიღეს. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურება იმ ძალოვან ოპერაციებს უკავშირდება, რომელსაც თურქეთის სპეცსამსახურები მათი პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ ატარებენ.
ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ახლა ქურთისტანის ეროვნული კონგრესის სახელს ატარებს, ვარაუდობს, რომ სწორედ ახლაა მათი მიზნების მისაღწევად ხელსაყრელი დრო. ისინი ტურისტებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისაგან, ხოლო თურქეთის პოტენციურ ინვესტორებს კი _ გადახედონ საკუთარ გეგმებს. თურქეთის ხელისუფლება ამ განცხადებებს ჯერჯერობით კომენტარის გარეშე ტოვებს. თუმცა, მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ ქურთების საკითხის საბოლოო მოგვარებამდე კასპიის ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტი არც თუ ისე იოლი იქნება.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები მიუთითებენ სომხეთის პოლიტიკური წრეების შეშფოთებაზე ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედების მოახლოებასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ამ პროექტის მიღმა დარჩენილმა "განაწყენებულმა ქვეყნებმა", შესაძლოა, სცადონ ხელი შეუშალონ მის ნორმალურ ფუნქციონირებას. მაისის ბოლოს ბაქოში გამომავალი გაზეთი "ზერკალო" იუწყებოდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მთელი სასამსახურო დოკუმენტაცია სომხეთის სპეცსამსახურებს ჩაუვარდა ხელში. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, მარტო დარჩა პოტენციური ტერორისტების პირისპირ", _ განუცხადა აღნიშნული გაზეთის კორესპონდენტს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა როვშან ნოვრუზოღლუმ.
აზერბაიჯანულ მედიაში გაიხსენეს ჯერ კიდევ 1993 წელს (როდესაც ნავთობსადენი მხოლოდ იდეაში არსებობდა) სომხური და ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები "მილსადენების ომის" დაწყებასთან დაკავშირებით. "ჯერჯერობით ერევანი თავს იკავებს მეტისმეტად მკვახე განცხადებებისა და მუქარისგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერევანი არ ეცდება ვითარების შეცვლას უკიდურესად რადიკალური მეთოდებით", _ წერდა ამ ცოტა ხნის წინ ბაქოში გამომავალი გაზეთი "ეხო". სომხურ მედიაში კი ამგვარი განცხადებები წინასწარ გამიზნულ პროვოკაციად ფასდება.

ბაქო-ჯეიჰანის დაცვას სამხედრო ბლოკი არ სჭირდება
ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედება აქტუალურს ხდის მისი დაცვის საკითხს. კომპანია "ბრიტიშ-პეტროლიუმის" სათაო ოფისში დარწმუნებულნი არიან, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებისათვის ყველა საჭირო ზომა მიღებულია. კომპანიის პრესსამსახურის უფროსის რამამ ბაიატლის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთან რამდენიმე წელია, შექმნილია ნავთობსადენის დაცვის სპეციალური სამსახურები, თურქეთში კი ამ ფუნქციას ჟანდარმერია შეასრულებს. მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ნავთობსადენის გასწვრივ და ტერმინალთან განსაზღვრულ ადგილებზე უკვე განთავსებულია სპეციალური ძალები.
ნავთობსადენის საზეიმოდ შევსების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნავთობსადენის დაცვას თავის თავზე აიღებენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული ძალები. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგდება ამერიკული სამხედრო ბაზებიც. ამერიკული ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში აზერბაიჯანში ამერიკული სამხედრო ნაწილები გამოჩნდებიან. ამერიკული სტრატეგიული პროგნოზების ცენტრის "შტრატფორ"-ის ინფორმაციით, ამერიკული ბაზების აზერბაიჯანში განლაგების თაობაზე შეთანხმება მიღწეული იქნა 2005 წლის 12 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ბაქოში ვიზიტის დროს. ამავე წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები სამ ბაზაზე განლაგდება: ძირითადი იქნება კიურდამირის ბაზა, სხვები კი _ ნასოსნაიასა და გუიულახის ბაზები. ამ ბაზებს აშშ-ის სამხედრო სტანდარტებთან მიახლოებული ასაფრენი ზოლი აქვთ და მათზე სხვადასხვა ტიპის ამერიკული თვითმფრინავები განლაგდებიან.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ნავთობით დატვირთვის დაწყების წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქმნება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო ალიანსი. ბოლო დროს ეს თემა აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებში აქტიური განხილვის საგანი იყო. ისინი ნავთობსადენის დასაცავად სამხედრო ბლოკის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, სამხედრო ბლოკის თემა ნავთობსადენის მოწინააღმდეგე ქვეყნებიდან მომდინარე საინფორმაციო დივერსიადაც მიაჩნიათ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მრჩეველმა ვაფა გულუზადემ აღნიშნა, რომ ნავთობსადენის დაცვის მიზნით სამხედრო ბლოკის შექმნა აუცილებელი არ არის. "ასეთ სამხედრო ბლოკს პერსპექტივა არ აქვს და ალბათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, მოგონილი ამბავია", _ განაცხადა გულუზადემ. 
იგივე აზრისაა აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტოფიკ ზულფუგაროვი. უფრო მეტიც, იგი ეჭვობს, რომ სამხედრო ბლოკის თემა სომხეთის მიერაა გავრცელებული. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მხოლოდ კოორდინირებულად დაიცავენ და არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციებს სომხური წყაროები მიზანმიმართულად ავრცელებენ", _ აღნიშნა ზულფუგაროვმა.
ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს. ნავთობსადენის შევსებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ მასთან დაკავშირებული გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფსონები კიდევ უფრო გაიზრდება.

მალხაზ მაცაბერიძე