ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
მიზნები და საშუალებები პოლიტიკაში
#2(6), 2005
პოლიტიკა მიზანმიმართული საქმიანობაა, ანუ გარკვეული მიზნების მისაღწევად შესაბამისი საშუალებები გამოიყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკა წარმოიშობა და ხორციელდება გარკვეული მიზნების გულისათვის. მიზნები და საშუალებები პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვანი ელემენტებია. ყველაზე ზოგადი სახით პოლიტიკის მიზანია მოცემულ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ინტერესების დაკმაყოფილების პროცესის მოწესრიგება.

1. პოლიტიკაში მიზნის ცნება და სახეები

პოლიტიკა - "მიზნების სამეფო". სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის იმის თაობაზე, თუ რა არის მიზნები პოლიტიკაში. ყველაზე ზოგადი სახით რომ ვთქვათ, მიზანი პოლიტიკაში ესაა იდეალური, სასურველი შედეგი, რომლის გულისთვისაც ხორციელდება პოლიტიკური საქმიანობა. მიზნები უმნიშვნელოვანესი ორიენტირია პოლიტიკოსებისათვის, რომელიც მოიცავს მათ მრავალფეროვან მისწრაფებებს, მოლოდინებს, განზრახვებს. პოლიტიკა, ფრანგი მეცნიერის ჟ. ფრეინდის ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, "მიზნების სამეფოა".

მიზანი პოლიტიკაში ცოდნის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ცხოვრების გარდაქმნისაკენ, არსებული პოლიტიკური ურთიერთობების შეცვლისაკენ. ასახავს რა მრავალფეროვან ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, მიზნებიც ასევე მრავალფეროვანია. შეიძლება მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძველზე:

• მნიშვნელობის მიხედვით _ საერთო და კერძო;
• პოლიტიკის შინაარსის მიხედვით _ სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, ეკოლოგიური, იურიდიული და სხვ.;
• რიგითობის მიხედვით _ უახლოესი, შუალედური, უფრო შორეული, საბოლოო (კონკრეტული პოლიტიკური პროცესისათვის);
• პოლიტიკური საქმიანობის სფეროს მიხედვით _ შიდა (შიდასახელმწიფოებრივი), საგარეო და ა.შ.

შესაძლებელია მიზნების კლასიფიკაცია სოციალური, კლასობრივი, პირადი და სხვა ნიშნების მიხედვითაც.

მიზნები პოლიტიკაში მიმართულია სტიქიურობისა და კონფლიქტურობის შემცირებისაკენ, უკავშირდება სტაბილურობისა და ცვლილებების ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

მიზნის ცნება თავისი შინაარსით ახლოს დგას ინტერესის ცნებასთან, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკაში. ინტერესი ასახავს მოთხოვნილებებს, რომლებიც ფორმულირებულია მიზნების სახით. სახელმწიფოს ძირითადი და მთავარი მიზნები უკავშირდება ეროვნული ინტერესების დაცვას და რეალიზებას.

მიზნის არჩევის რაციონალურობა. მიზნის არჩევის რაციონალურობაზე პირდაპირაა დამოკიდებული მისი ოპტიმალურობა, ე.ი. მაქსიმალური შესაბამისობა როგორც არსებულ მოთხოვნილებებთან, ისე არსებულ პირობებთან და შესაძლებლობებთან.

მიზნის არჩევის რაციონალურობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

- რამდენად რეალისტურად ფასდება მოვლენათა შემდგომი განვითარება. ამისათვის კი აუცილებელია შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაციის მიღება დაგეგმილ მოქმედებათა შედეგების შესახებ;

- რამდენად სრულადაა შეფასებული რესურსები, რომლებიც გააჩნია მოქმედების სუბიექტს და რომელთა გამოყენებაც მას შეუძლია მიზნის მიღწევის პროცესში;

- მრავალფეროვანი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებით.

ამ ძირითადი კრიტერიუმებთან შესაბამისობას განაპირობებს მიზნის ისეთი თვისება, როგორიცაა მისი კონკრეტულობა _ გარემოებათა და მოქმედების შესაძლებლობათა გათვალისწინების ხარისხი, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული მისი რეალისტურობა _ შესაძლებლობა განხორციელდეს მაქსიმალურად სრული სახით და სუბიექტისთვის მისაღებ ვადებში.

ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის რეალისტურობის ხარისხის განსაზღვრა თავიდანვე ადვილი არაა. ეს პროცესი ერთდროულად მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც. საბოლოო მსაჯული მხოლოდ პოლიტიკური პრაქტიკაა, ანუ პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური გამოცდილების ერთობლიობა.
მიზნების დასახვა პოლიტიკაში. მიზნების დასახვის, ანუ მიზნების განსაზღვრის პროცესის საწყისი ეტაპია _ სიტუაციის გამოკვლევა, პოლიტიკისა და ხელისუფლების ამოცანების ანალიზი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ ამოცანის (ან ამოცანების) გადაჭრის თაობაზე. ეს გულისხმობს შესაბამისი პოლიტიკური პროცესის პროექტირებას, რომელიც უნდა დამთავრდეს აუცილებელი მიზნის მიღწევით.
პოლიტიკაში მიზნების დასახვის ამოსავალი მომენტია მიზნის იდეალიზაცია, ე.ი. წარმოდგენა მისი შესატყვისობის თაობაზე საზოგადოების, პოლიტიკისა და უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციასთან, მიახლოება საზოგადოების უნივერსალურ იდეალებთან (სამართლიანობა, თანასწორობა, თავისუფლება და ა.შ.) ან უბრალოდ მათთან შედარება; ანდა მიახლოება მაქსიმალურად სასურველ გამოსავალთან რაიმე კონკრეტული სიტუაციიდან.

პოლიტიკაში მიზნების დასახვის შემდეგი ნაბიჯებია მიზნის მიახლოება ხელისუფლების, სახელმწიფოს, საზოგადოების, ცალკეული დაწესებულებებისა და პიროვნებების რეალურ შესაძლებლობებთან გადაჭრან მათ წინაშე დასმული ამოცანა.

პოლიტიკაში მიზნების დასახვის შემდგომი ნაბიჯებია თავდაპირველი, შუალედური და საბოლოო მიზნების ჯაჭვის კონკრეტიზირება, მათი რიგითობის, მნიშვნელობის დადგენა და ა.შ. მიზნების დასახვა ერთ-ერთი ძირითადი მომენტია პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურაში.

მიზნების სისტემა პოლიტიკაში. მიზნების სისტემა პოლიტიკაში ცვალებადია, რადგანაც იცვლება შიდა და გარე პირობები, მაშასადამე პოლიტიკური ჯგუფებისა და ელიტების მოთხოვნები და ინტერესებიც. შეცვლილი გარემოებანი ცვლიან ადამიანების წარმოდგენებს კეთილდღეობაზე, სტრატეგიულ და ტაქტიკურ ამოცანებზე.

ამავე დროს ყოველ ერს ყოველთვის აქვს ზოგიერთი დომინირებული მიზანი და მისწრაფება. ხელისუფლება ამას უნდა ითვალისწინებდეს და მათ უნდა იყენებდეს, ეყრდნობოდეს და აყენებდეს შესაბამის სამოქმედო პროგრამას. ამის არგაკეთებას სავალალო შედეგები მოსდევს. მკაფიო პოლიტიკური მიზნების არარსებობას სახელმწიფო ყოველთვის მიჰყავს ნეგატიურ შედეგებამდე, ქვეყნის პრესტიჟის შერყევამდე, მისი საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებამდე.

პოლიტიკაში მიზნები ხშირ შემთხვევებში ფასეულობების სახით წარმოდგება. ფასეულობების და, შესაბამისად, ძირითადი პოლიტიკური მიზნების თემას ჩვენ ქვემოთ დავუბრუნდებით, ახლა კი განვიხილოთ საშუალებების ცნება.

2. პოლიტიკაში საშუალებების ცნება და სახეები

საშუალებები პოლიტიკაში. პოლიტიკური საქმიანობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი მიზნების დასახვის უნარი, არამედ მათი მიღწევის საშუალებების კარგად შერჩევა და გამოყენებაც.
საშუალებები პოლიტიკაში _ ესაა პოლიტიკის და ხელისუფლების განხორციელების შესაძლებლობათა ერთობლიობა და მათი გამოყენება საზოგადოების ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებში. საშუალებები პოლიტიკაში _ ესაა ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, რასაც მოსდევს პოლიტიკური განზრახვების რეალიზება, იდეალური მისწრაფებების გადაქცევა რეალურ მოქმედებად და შედეგებად. ესაა ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რესურსი და ფაქტორი, რომელთა დახმარებითაც კმაყოფილდება პოლიტიკის სუბიექტების ინტერესები, ხდება დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

პოლიტიკის საშუალებები უაღრესად მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად გაფიცვები, შეიარაღებული მოქმედება, მოლაპარაკება, დაპირება, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა, ადამიანთა დაშინება, მიტინგები, დემონსტრაციები, არჩევნები, ეთიკური და სამართლებრივი ნორმები და ა.შ.
პოლიტიკური საშუალებები და მეთოდები. პოლიტიკის "საშუალებები" და "მეთოდები" ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებია. საშუალებები _ ის კონკრეტული ქმედებებია, რომლითაც პოლიტიკის სუბიექტები ზეგავლენას ახდენენ ობიექტებზე: პროპაგანდისტული კამპანიები, გაფიცვები, ელექტორალური ბრძოლა და ა.შ.

პოლიტიკის მეთოდები ჩვეულებრივ ახასიათებენ პოლიტიკის საშუალებების ზემოქმედების სახეებს. მათ მიეკუთვნება პირველ რიგში ძალადობრივი და არაძალადობრივი მეთოდები, იძულება და დარწმუნება.

არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით შეიძლება გამოიყოს რევოლუციური, რეფორმისტული და კონსერვატიული მეთოდები. მმართველობით ჯგუფებს შიგნით ურთიერთობების მიხედვით გამოიყოფა ხელისუფლების განხორციელების დიქტატორული, ავტორიტარული, დემოკრატიული მეთოდები. ყოველ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში ერთმანეთს უხამდება უაღრესად მრავალფეროვანი მეთოდები და ხერხები. პოლიტიკის მეთოდების საკითხს ჩვენ ქვემოთ დავუბრუნდებით.

პოლიტიკური საშუალებების სახეები. პოლიტიკაში ყოველთვის არსებობდა მკაცრი, რადიკალური ანუ უკიდურესი საშუალებები, რომლებიც გათვლილია სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაზე, შუალედურ ეტაპებზე შეჩერების გარეშე, ძალებისა და რესურსების მაქსიმუმის ხარჯვით, რაც მოითხოვს ადამიანთა ემოციებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ მობილიზებასა და დაძაბვას.

რადიკალური საშუალებების საპირისპიროდ, არსებობს რბილი, ზომიერი საშუალებები, რომელთა გამოყენებაც მრავალ შუალედურ შედეგს იძლევა, მოითხოვს დიდ დროს და სამაგიეროდ, არ წარმოშობს ისეთ მწვავე კონფლიქტებს, როგორც რადიკალური საშუალებები.

პოლიტიკური ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ძირითად საშუალებებში შეიძლება გამოიყოს ორი ჯგუფი:

_ საშუალებები, რომლებიც წარმოიშობა პოლიტიკის სფეროს გარეთ (ფული, ტრადიციები, ადათები და სხვა სოციალური ნორმები, ნდობა და ა.შ.);

_ საშუალებები, რომლებიც წარმოიშობა პოლიტიკის სფეროში, იქმნება თავად ხელისუფლების მიერ (ლობიზმი, პოპულიზმი, პოლიტიკური სიმბოლიკა და რიტუალები, პოლიტიკური სიტყვები, მანიფესტაციები და ა.შ.).

პოლიტიკაში არსებულ მრავალფეროვან საშუალებებს და მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც რეალიზდება პოლიტიკური ხელისუფლება, ხშირად "პოლიტიკური ხელისუფლების რესურსებსაც" უწოდებენ. გამოიყოფა ეკონომიკური, სოციალური, ძალისმიერი, საინფორმაციო და სხვა რესურსები.
პოლიტიკის საშუალებების არჩევა. პოლიტიკაში გამოყენებული საშუალებების სახეები ბევრადაა დამოკიდებული კონკრეტული საზოგადოების თავისებურებებზე, მის პოლიტიკურ კულტურაზე, მენტალიტეტზე.

რადგანაც პოლიტიკაში არსებული პრობლემები და ამოცანები უაღრესად მრავალფეროვანია, ასევე ფართოა აქ გამოყენებული საშუალებების კრებულიც. პოლიტიკის საშუალებების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული მისი ხასიათი, შესაძლებლობები და შედეგები.

პოლიტიკური ცხოვრების დინამიკა, პოლიტიკური ელიტების ცვალებადი მიზნები მოითხოვს საშუალებათა სისტემის მუდმივ განახლებას, მათ არსენალში შესაბამისი მრავალფეროვნების შეტანას.

უნდა გავითვალისწინოთ მიზნებისა და საშუალებების არაერთგვაროვანი ბუნება. მიზნები დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად საზოგადოების მოთხოვნილებებზე, საშუალებები _ მის კულტურულ დონესა და რესურსებზე, პირველ რიგში კი ქვეყნის ეკონომიკაზე.

3. მიზნებისა და საშუალებების ურთიერთქმედება პოლიტიკაში

მიზნებისა და საშუალებების ურთიერთკავშირი. მიზნებსა და საშუალებებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, თავისებური ურთიერთქმედება არსებობს. მიზნები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ არა მარტო პოლიტიკური საქმიანობის შედეგზე, არამედ საშუალებების არჩევაზეც. მიზანი ბევრად განსაზღვრავს გამოყენებულ საშუალებებს. პოლიტიკურ მიზნებს აქვთ იერარქიული სტრუქტურა და იყოფა საბოლოო და შუალედურ, მოკლევადიან და პერსპექტიულ, ზოგად და კერძო მიზნებად. სწორედ შუალედური მიზნები ახდენენ ყველაზე დიდ ზემოქმედებას პოლიტიკური მოქმედების მეთოდებისა და საშუალებების არჩევაზე.

ჭეშმარიტი მიზანი განსახიერდება საშუალებებში. მაგალითად, თუკი ადამიანი სისაძაგლეს აკეთებს და ამას რაღაც კეთილშობილური მიზნით ამართლებს, მაშინ ეს მიზანი მოტყუება და თვალთმაქცობაა, ხოლო რეალური მიზანი სწორედ ეს საძაგლობაა.

პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის დროს ყველა საშუალება გამოსადეგი არაა. უარი უნდა ითქვას იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია აშკარად ანტიჰუმანური მოქმედებებით. ნ. ბერდიაევი აღნიშნავდა: "მიზანს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი მისი განხორციელების დაწყება შესაძლებელია ახლავე, აქვე".

მეორე მხრივ, საშუალებები ზეგავლენას ახდენენ მიღწეულ შედეგზე, განსაზღვრავენ მიზნის რეალურობას ან უტოპიურობას, ახდენენ მისი ძირითადი პარამეტრების კორექტირებას, იმ იდეალებზე უარის თქმის ჩათვლით, რომლებიც დღეისათვის მიუღწეველია. ობიექტურ შედეგს იძლევიან არა მიზნები, არამედ მისი რეალიზაციისთვის გამოყენებული საშუალებები.
შეუსაბამობა საშუალებებსა და მიზნებს შორის იწვევს თავად მიზნების დისკრედიტაციას. ის, ვინც საშუალებების იგნორირებას ახდენს, ამით ეჭვქვეშ აყენებს თავად მიზანს.

ამასთან მიზეზი, რის გამოც ერთმანეთს არ დაემთხვევა პოლიტიკის მიზნები და შედეგები შეიძლება იყოს როგორც უტოპიური მიზანი, ასევე ამ მიზნისა და გარემოებებისადმი არაადეკვატური საშუალებები. მთლიანობაში, სწორედ საშუალებები, რომლებიც არჩეული არიან მიზნის რეალიზებისათვის, უშუალო ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკის შედეგებზე. პოლიტიკის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს შეუსაბამოს მიზნები და საშუალებები, ესაა იმის უნარი, რომ ყველაზე ოპტიმალური სახით გამოიყენოს ესა თუ ის საშუალება კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობა: სამი ძირითადი თვალსაზრისი. მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობის საკითხი არსებითად პოლიტიკური ცხოვრების ზნეობრივი შინაარსის საკითხია. მიზნებისა და საშუალებების ზეგავლენა შედეგებზე და პოლიტიკის ზნეობრივ შეფასებაზე უძველესი დროიდან ცხარე კამათის საგანია. ამ საკითხზე სხვადასხვა შეხედულებებს შორის შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი თვალსაზრისი:

• პოლიტიკის ზნეობრივი ხასიათი განისაზღვრება მისი მიზნით;
• პოლიტიკის ზნეობრივ მნიშვნელობაზე პრიორიტეტულ ზეგავლენას ახდენს გამოყენებული საშუალებები;
• როგორც მიზანი, ასევე საშუალებები ერთნაირად მნიშვნელოვანია პოლიტიკისათვის ჰუმანური ხასიათის მისაცემად და ამდენად, ისინი ერთმანეთთან შესაბამისობაშიც უნდა იყვნენ და კონკრეტულ სიტუაციასაც უნდა შეესაბამებოდნენ.

პირველი მიდგომის თანახმად პოლიტიკა ნებისმიერი საშუალებებით მიზნების მიღწევის უნარია ("მიზანი ამართლებს საშუალებას"), მათთვის პოლიტიკა ნამდვილი მიზნების შენიღბვისა და ამ მიზნების მიღწევის ბინძური საშუალებებისათვის კეთილშობილური სახის მიცემის უნარია, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის, ადამიანებით მანიპულირების უნარი.

ამ მიდგომის თანახმად არანაირი მორალური პოლიტიკა არ არსებობს. მორალის წესები აქ გამოუყენებელია. პოლიტიკა ამორალური არაა. ის არაა მორალური, ე.ი. მასში მოქმედებს თავისი წესები, რასაც არაფერი საერთო არ აქვს მორალის წესებთან. მისწრაფება პოლიტიკას მისცენ ზნეობრივი სახე არის პოლიტიკის ერთ-ერთი ხერხი მასების შეცდომაში შესაყვანად, მათ გამოსაყენებლად პოლიტიკოსების ინტერესების შესაბამისად. პოლიტიკისადმი ამგვარი მიდგომა საფუძველს ქმნის იმის მტკიცებისათვის, რომ "პოლიტიკა _ ბინძური საქმეა".

ჩვეულებრივ ყველაზე ოდიოზური პოლიტიკოსებიც კი არ აღიარებენ თავიანთი მიზნების უზნეობას. ყველა უდიდესი დანაშაული _ ომები, მასობრივი ტერორი და ა.შ. _ შენიღბული იყო დიადი მიზნების დეკლარირებით, რომლებიც მრავალ სიკეთეს პირდებოდა ან მთლიანად კაცობრიობას, ანდა მოცემულ ერს თუ კლასს.

მეორე მიდგომა პოლიტიკის მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობის საკითხისადმი, რომელიც გამომდინარეობს საშუალების ზნეობრივი პრიორიტეტიდან მიზანზე, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატულია პოლიტიკაში არაძალადობრივი მოქმედების იდეოლოგებით. არაძალადობის თვალსაჩინო წარმომადგენელი მაჰათმა განდი (1869-1948) თვლიდა, რომ საზოგადოების განვითარების დონე პირველ რიგში განისაზღვრება ადამიანთა ზნეობრივი სრულყოფილებით. ზნეობრიობა კი რეალობად იქცევა პოლიტიკაში გამოყენებული საშუალებებით. სწორედ საშუალებები გამოხატავენ ადამიანის ზნეობრივ ნებას. საშუალებებს პრიორიტეტი ენიჭებათ მიზნებზე და მთავარ ზნეობრივ კრიტერიუმს წარმოადგენენ პოლიტიკისთვის.

მესამე მიდგომა მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობისადმი "კომპრომისულ" ხასიათს ატარებს და ცდილობს თავიდან აიცილოს უკიდურესობები, გაითვალისწინოს როგორც მიზნების, ისე საშუალებების ზნეობრივი მნიშვნელობა. მართლაც, რეალურ პოლიტიკაში თითოეული ეს კომპონენტი ასრულებს საკუთარ, უაღრესად მნიშვნელოვან როლს. ნებისმიერი პოლიტიკა მიზნით იწყება, მიზანი აერთიანებს ყველა მოქმედებას და მათ შედეგებს ერთიან სისტემად, ფაქტობრივად განსაზღვრავს პოლიტიკური ზემოქმედების ობიექტს, მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს.

მიზნებსა და საშუალებებს შორის წინააღმდეგობის გადაჭრის გზები. მიუხედავად იმისა, რომ ზნეობრივად საეჭვო მოქმედებები პოლიტიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, გარკვეულ სიტუაციებში მათზე მთლიანად უარის თქმას შეიძლება კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვეს. წინააღმდეგობა მიზნებსა და საშუალებებს შორის რეალურად არსებობს და ყოველთვის როდი გადაიჭრება მიზნებზე უარის თქმით, იმის შიშით, რომ მათ მისაღწევად არ იქნას გამოყენებული ზნეობრივი თვალსაზრისით საშიში საშუალებანი.

ასეთი წინააღმდეგობა შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკის მიზნებისა და საშუალებების ზნეობრივი თანაფარდობის დადგენის გზით. ზნეობრივ ფასეულობებს იერარქიული სტრუქტურა აქვთ. ზოგი სხვებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, თავგანწირვა სხვა ადამიანების გადასარჩენად შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი ზნეობრივი ქცევაა, ვიდრე ღარიბების სასარგებლოდ მცირე თანხის გაღება. ასევე უზნეო საქმეებიც განსხვავდება მორალური შეფასების თვალსაზრისით: ერთია კაცის მოკვლა და მეორე _ ტყუილის თქმა.

პოლიტიკასთან მიმართებაში ეს ნიშნავს, რომ არის სიტუაციები, როდესაც ადამიანმა უნდა იმოქმედოს უმცირესი ბოროტების პრინციპით. მაგალითად, ჯერ კიდევ პლატონი დასაშვებად მიიჩნევდა მმართველის მიერ მოტყუების გამოყენებას თავისი ქვეშევრდომებისავე საკეთილდღეოდ.

უზნეო საშუალებების "სამკურნალო" მნიშვნელობა პოლიტიკაში საეჭვოა. ერთხელ ამ გზაზე დამდგარი პოლიტიკოსი შემდეგ ყოველთვის დგება ცდუნების წინაშე გამოიყენოს იგივე მეთოდი. უზნეო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება კი რყვნის როგორც თავად ლიდერებს, ისე მათ მომხრეებს, მათ მიმართ ნდობას კარგავენ ოპონენტებიც და მოკავშირეებიც.
საბოლოო ჯამში ამას მოსდევს არა მარტო ამ საშუალებების გამომყენებელი ადამიანების ზნეობრივი დეგრადაცია, არამედ საეჭვოდ ხდის მათ მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტურობას.

მეცნიერებას არ შეუძლია განსაზღვროს რომელი საშუალებებია მორალური და ეფექტური პოლიტიკური პრაქტიკის ყველა შემთხვევისათვის. მაგრამ მას შეუძლია დაადგინოს ჰუმანიტარული საზღვრები გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ასეთი საზღვრებია:

• პოლიტიკური, საინფორმაციო და სხვა სახის ტერორის დაუშვებლობა;
• ანტისახალხო პოლიტიკური რეჟიმების ლიკვიდაციისათვის მშვიდობიანი საშუალებების პრიორიტეტულობა, ძალისმიერი მეთოდების მხოლოდ მაშინ გამოყენება, როდესაც ყველა მშვიდობიანი საშუალება ამოწურულია;
• მასობრივი განადგურების საშუალებების გამოყენების დაუშვებლობა საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის დროს.

ზოგჯერ მიზნები პოლიტიკაში იცვლება საშუალებებით, მაგალითად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მიზანი კი არაა, არამედ მხოლოდ საშუალებაა ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად. პოლიტიკაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ შემდეგი: რეალისტური, სოციალურად ორიენტირებული მიზნებს დასახვა და მათი მიღწევა პრაგმატული, ღირსეული ნაბიჯებით.

სტრატეგია. მიზნებსა და საშუალებებს შორის შესაბამისობის დადგენა ასახულია "სტრატეგიის" ცნებაში. ადრე სტრატეგიის ცნება მხოლოდ სამხედრო სფეროში გამოიყენებოდა. მაგალითად, ბ. გ. ლიდელ ჰარტი სტრატეგიას განსაზღვრავდა როგორც "პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო საშუალებების განაწილებისა და გამოყენების ხელოვნებას". სხვა ავტორების შენიშვნით "ეს ლაკონური, მაგრამ არცთუ წარმატებული ფორმულა ზღუდავს განსახილველ ტერმინს მხოლოდ სამხედრო სფეროთი, მაშინ როდესაც პრაქტიკაში სტრატეგიის ცნება გაცილებით უფრო ფართოდ გამოიყენება". დღეისათვის ლაპარაკობენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიებზე, მეწარმეობისა და საბანკო საქმის განვითარების სტრატეგიებზე და ა.შ.

ნებისმიერი სტრატეგიის ხასიათს განსაზღვრავს: ა) არსებითი ხასიათის ზემოქმედება ვინმეზე ან რაიმეზე; ბ) შორს მიმავალი ზემოქმედების საშუალებები და ხერხები; გ) მიზნის პერსპექტიულ-დინამიური ორიენტაცია. ზოგადი სახით, სტრატეგია შეიძლება განისაზღვროს როგორც ქცევის გრძელვადიანი ხაზი, რომელიც აერთიანებს მეცნიერებასა და ხელოვნებას პერსპექტიული მიზნის მიღწევის საქმეში.

მალხაზ მაცაბერიძე