ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
დიდი ეკონომიკური დეპრესია ამერიკაში
#2(6), 2005
პროგრესიზმის ერა

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს აშშ-ში არა ერთი მიზეზი გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზაციისთვის ეროვნული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულში ადგილი ჰქონდა წარმოების სწრაფ ზრდას ამერიკელთა ოჯახების შემოსავლების რეალურ მატებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 20-იანი წლების ბოლოს ბინათმშენებლობაში სტაბილიზაციის პერიოდი დადგა, შემდეგ იგი შემცირდა. ეს დანაკლისი შეივსო მოასფალტებული გზების მშენებლობის ზრდის ხარჯზე, რომელიც ასე აუცილებელი იყო მილიონობით ავტომობილისთვის. ამ ტრანსპორტმა საჭაპნე სახეობა შეავიწროვა. მართალია, ფერმერული მეურნეობები დაზარალდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების დაცემის გამო (რაც ომის შემდგომ ევროპული სოფლის მეურნეობის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნებამ გამოიწვია), მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს შემოსავლიანობამ მაინც იმატა. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სატვირთო, მსუბუქი ავტომობილები, ტელეფონები და საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი.

ერთი შეხედვით ჯანსაღ ეკონომიკას სუსტი ადგილებიც გააჩნდა. ჯერ ერთი, ამერიკელები (როგორც წესი!) ფრთხილი ოპტიმიზმისადმი მიდრეკილებას არ ამჟღავნებდნენ. საზოგადოებაში დამკვიდრდა ეიფორიული შეგრძნება "ახალი ერის" დამკვიდრებისა, რომელიც ყოველ ადამიანს მინიმუმ რესპექტაბელური შემოსავლით უზრუნველყოფდა. არა მარტო მდიდარნი, არამედ მილიონობით საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელები, მუშებიც კი შეისყიდიდნენ კომპანიათა აქციებს, ელოდნენ მათი ღირებულების მომატებას. საბირჟო სპეკულაციების ფართოდ დანერგვას ხელს უწყობდნენ ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, აგრეთვე საბროკერო კანტორები. ყველაზე წარმატებული კორპორაციები არ ზრდიდნენ სახელფასო ფონდის მოცულობას და სარეზერვო კაპიტალი საფონდო ბაზარზე გაედინებოდა. იგივე ხდებოდა ბანკების ფულად სახსრებთან დაკავშირებითაც, რაც უძრავი ქონების გირავნობის შემცირებით აიხსნებოდა. სპეკულაციური მოლოდინის წყალობით ფასიანი ქაღალდების ღირებულება გამუდმებით იზრდებოდა, თანაც ხელოვნურად. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 1924-1929 წლებში დარეგისტრირებული აქციების საერთო ღირებულება თითქმის სამჯერ გაიზარდა. თამაშის გაგრძელებისაკენ მიმართული ქმედებანი და მითითებანი ქვეყნის ეკონომიკას უკიდურესად ასუსტებდა.

ამერიკის მეორე სერიოზული ნაკლი განპირობებული იყო იმ იდეის სიცოცხლისუნარიანობით, რომ მიუხედავად ყოველნაირი ეკონომიკური ცვლილებებისა, რთული ეროვნული ეკონომიკა ძველებურად თვითრეგულირებადი უნდა დარჩენილიყო, სახელმწიფო ჩარევა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნებოდა. მრავალი ამერიკელი თვლიდა, რომ ეკონომიკური სირთულეების პერიოდში მთავრობას უნდა შეემცირებინა სახელმწიფო ხარჯები, ეკონომიკისთვის კი შესაძლებლობა უნდა მიეცა თვითონ გამკლავებოდა წარმოქმნილ პრობლემებს.

ეკონომიკისთვის კიდევ ერთი საფრთხე საერთაშორისო ვალების დაფარვის არამდგრადი სისტემა გახლდათ, რომელიც მთლიანად დამოკიდებული იყო ამერიკული დოლარის შემოდინებაზე.

დიდი ეკონომიკური დეპრესია

ექსპერტებმა (განსაკუთრებულად ეკონომისტებმა) შემდგომში კრიზისის სხვა მიზეზებიც აღმოაჩინეს: ასეთად მიიჩნიეს საბანკო სისტემის არაეფექტურობა, კრედიტების ბოროტად გამოყენება, საქმიან წრეებში არსებული ამორალურობის მაღალი ხარისხი. კრიზისის ყველაზე აშკარა, დრამატული მიზეზი 1929 წლის შემოდგომაზე საფონდო ბაზრის რღვევა გახლდათ. სპეკულიანტებმა სასწრაფო წესით აქციების მოშორება დაიწყეს, როცა აშკარა გახდა, რომ რიგ დარგებში ციკლური დაცემა დაიწყო, რაც უმთავრესად საავტომობილო მრეწველობაში გადაიარაღებით იყო გამოწვეული. 1929 წლის 22 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ფასები 26 მილიარდი დოლარით დაეცა, შემდგომი ორნახევარი წლის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დაბლა დაეშვა. კერძო პირების, ბანკების, სამრეწველო კორპორაციების, საპენსიო ფონდების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების აქტივების საოცარმა გაუფასურებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ეროვნული ეკონომიკის კრახში.

კრიზისის განვითარებაში ორ ფაზას გამოყოფენ. 1929 წლის შემოდგომიდან 1931 წლის ზაფხულამდე მოხდა ეკონომიკის საერთო მკვეთრი დაცემა. სამრეწველო და საფინანსო სახელმწიფოში არსებულმა ეკონომიკურმა ქაოსმა სერიოზული გავლენა მოახდინა ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ სიტუაციაზე, რადგანაც ისინი მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი ამერიკულ კაპიტალზე და ამერიკულ ბაზარზე. აშშ-ის კაპიტალდაბანდებანი ოკეანის იქით, კვამლივით გაიფანტა. გერმანია და ავსტრია გაკოტრების პირას მივიდნენ.

ამერიკული მომხმარებლის დაკარგვისთანავე დიდი ბრიტანეთი 1931 წლის სექტემბერში იძულებული იყო ოქროს სტანდარტი გაეუქმებინა. საიმპორტო ქვოტების უწესრიგო შემოღებამ, სატარიფო ბარიერების შექმნამ, ოქროსა და ვალუტის გაცვლაზე შემოღებულმა შეზღუდვებმა, სხვა პროტექციონისტურმა ზომებმა (რომლებიც ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღებას სხვის ხარჯზე ითვალისწინებდა) ძლიერ შეარყია საერთაშორისო ვაჭრობისა და ურთიერთგადახდების სისტემა. ამ პროცესებმა განსაკუთრებულად ავადმყოფური შედეგები გამოიღეს აშშ-ში, რომელიც კრიზისის მეორე, უფრო ღრმა ფაზაში შევიდა. 1931 წელს მეანაბრეებმა ნაღდი ფული მოითხოვეს. ვინაიდან კრედიტების დაბრუნება ვერ შეძლეს და საკუთარი აქტივები ვერ გაყიდეს, ამიტომაც გაკოტრდა 2300 ბანკი, რომლებსაც საცავებში თითქმის 1.7 მილიარდი დოლარი ჰქონდათ.

1932-33 წლებში მკაცრი ზამთარი იდგა. ქვეყანაში 14-16 მილიონი უმუშევარი იყო. სოფლის მეურნეობაში საერთო შემოსავალი 12 მილიარდი დოლარიდან 1929 წელს დაეცა 5.3 მილიარდ დოლარამდე 1932 წელს, მაშინ, როცა ვალები მიწისათვის, კრედიტები და მოწყობილობები, რომლებიც საუკეთესო დღეებში გაკეთდა, პრაქტიკულად ძველ დონემდე დარჩა.

1929-1933 წლების პერიოდში გაკოტრდა 125 ათასზე მეტი ფირმა. საერთო ეროვნული შემოსავალი დაეცა 50%-ზე მეტად. მოსამსახურეთა ხელფასები დაეცა 40%-ით, დივიდენდები თითქმის 57%-ით, მუშების ხელფასებმა მრეწველობაში _ 60%-ით. მრავალი ადამიანი გარდაიცვალა საკვებისა და თბილი ტანსაცმლის არქონის გამო. მათ არ გააჩნდათ საკუთარი ჭერი, გასათბობი საშუალებები, სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა მილიონობით ადამიანი, რომლებსაც სამუშაოს შოვნა თვეობით, წლობით არ შეეძლოთ. ბავშვები ტოვებდნენ სკოლებს, იმიტომ, რომ მათ ტანსაცმელი არ გააჩნდათ. ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო სკოლების შენობების მოვლა, მასწავლებლებისათვის ხელფასების გადახდა. 2 მილიონზე მეტი ამერიკელი ქალაქებიდან სოფლებში გადავიდნენ იმის იმედით, რომ საკუთარი ოჯახები გამოეკვებათ. მკვეთრად შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა, შობადობის დონე (იმ წლების დრამატული მოვლენები მაღალმხატვრულად აღწერა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა თავის სახელგანთქმულ რომანში "მრისხანების მტევნები").

კრიზისმა ყველაზე საგრძნობლად კერძო მეწარმეობაზე და მთავრობაზე იმოქმედა. იმ პირობებში, როცა ბაზარს ციებ-ცხელება დაემართა, ბანკები კრახს განიცდიდნენ, ხელფასები შემცირდა, სიტყვა "კაპიტალისტი" სალანძღავ სიტყვად გადაიქცა. ბიზნესის ყოფილი გმირებისადმი ნდობა ძლიერ შეირყა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონგრესის გამოძიების პერიოდში, სასამართლო პროცესების დროს გამოვლინდა ბანკების მიერ კლიენტების შენახული თანხების ბოროტად გამოყენება. ისინი შეთანხმებით მოქმედებდნენ საბროკერო ფირმებთან და საფონდო ბაზრით მანიპულირებას 1920-იანი წლების განმავლობაში ახდენდნენ. 1930-იანი წლების შუაგულისათვის ამერიკელთა უმეტესობა გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მთავრობა ვალდებული იყო ზომები მიეღო მოსახლეობის დასაქმებისთვის, უნდა დაეგეგმა ეკონომიკური განვითარება დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, დაეცვა საკუთარი მოქალაქეები უნამუსო ბიზნესმენებისგან.

პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის დროს გაიზარდა ასიგნებანი საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ბიზნესმენებს მოუწოდეს არ შეემცირებინათ ხელფასის დონე დასაქმებასთან ერთად. დაფუძნდა რეკონსტრუქციის ფინანსირების კოორპორაცია საწარმოთა მხარდაჭერისათვის სუბსიდიებისა და სესხების მეშვეობით. სახელმწიფომ დაიწყო სოფლის მეურნეობის ჭარბი პროდუქტების შესყიდვა, რითაც ფასების დაცემის შეჩერებას შეეცადა. 1930 წელს მიღებული იქნა სმუტ-ჰოლის ტარფი, რომელიც ამერიკელ მეწარმეებსა და მუშებს უცხოელი კონკურენტებისაგან იცავდა. ამ ზომებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგანაც ცუდად იქნა შემუშავებული, არასაკმარისად დაფინანსდა. ჰუვერმა საკუთრების უსულგულო დამცველის რეპუტაცია მოიპოვა, როცა გენერალი დუგლას მაკარტური 1932 წელს ვაშინგტონში ომის ვეტერანთა კარვის ქალაქის მიწის პირისა აღსაგველად გაგზავნა. ომის ვეტერანები მთავრობისაგან მოითხოვდნენ დაპირებული ფულადი სახსრების გადახდას.

1932 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ორივე კანდიდატმა _ ჰუვერმა და ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა პრაქტიკულად ერთნაირი ეკონომიკური პროგრამები გამოაქვეყნეს, რომლებიც მხოლოდ აგრარული პოლიტიკისა და ენერგოუზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის საკითხებში განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჰუვერიც და რუზველტიც დაჰპირდა მოსახლეობას, რომ შეამცირებდნენ სახელმწფო ხარჯებს, დააბალანსებდნენ ბიუჯეტს, გაამყარებდნენ ეროვნულ ვალუტას, ფერმერებს დაეხმარებოდნენ კრედიტებით, არ შეზღუდავდნენ კერძო მეწარმეობას, შტატებს კი საგანგებო დახმარებას გამოუყოფდნენ. გამარჯვება რუზველტმა მოიპოვა. მან მიიღო 22.8 მილიონი ხმა 15.76 მილიონის წინააღმდეგ. ჰუვერი მნიშვნელოვანი სხვაობით დამარცხდა. მშრალი კანონის გაუქმებამ დემოკრატების წინასაარჩევნო სიმღერას განსაკუთრებული აზრი შესძინა: "კვლავ დადგა მხიარული დღეები!"

დეპრესიიდან გამოსვლა

1933 წლის 4 მარტის ინაუგურაციის შემდეგ, რუზველტმა პირველ რიგში მოიწვია კონგრესის სპეციალური სესია, რომელმაც 100 დღის განმავლობაში შეიმუშავა ახალი კურსის საკანონმდებლო საფუძვლები კრიზისის მოთოკვის მიზნით. კანონპროექტების უმეტესობა "გონების ტრესტის" მიერ ჯერ კიდევ არჩევნებამდე შემუშავდა. ახალი კურსის პირველ კანონებს უნდა აღედგინათ მოსახლეობის ნდობა მთავრობისადმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვისა და ეკონომიკისათვის მთლიანობაში ფასების დაცემის შეჩერების მიზნით. იგეგმებოდა უმუშევრებისთვის დახმარების გაწევა, უმთავრესად _ მშენებლობის სტიმულირების მასშტაბური პროგრამის ჩარჩოებში, აგრეთვე უმუშევრებისადმი დახმარების ფედერალური მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით, რომლებსაც შტატები ანხორციელებდნენ. მთლიანობაში რუზველტის ამოცანა იყო ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა კერძო მეწარმეობის სისტემის შენარჩუნების თანხლებით.

1933 წლის 6 მარტს პრეზიდენტმა ოთხდღიანი საბანკო "არდადეგები" გამოაცხადა. კონგრესმა რუზველტის ინიციატივა მოიწონა და ფინანსთა სამინისტროს ბანკების შემოწმება დაავალა. ჩატარებული რევიზიის შემდეგ, მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში ახალმა ადმინისტრაციამ მილიარდზე მეტი დოლარი დამალული აღმოაჩინა. გლას-სტიგალის კანონმა 1933 წელს გააფართოვა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს უფლებამოსილებანი, რომელიც საბანკო სისტემას აკონტროლებდა. ამ ორგანომ ბანკები აიძულა გაეყოთ სადეპოზიტო და საინვესტიციო ფუნქციები, დააწესა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია. სახლის მფლობელთა კორპორაციამ (შეიქმნა 1933 წელს) შემდგომი სამი წლის განმავლობაში მილიონ სახლის მეპატრონეს გადასცა სესხი 2 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობით. რუზველტმა გააუქმა ოქროს სტანდარტი იმ იმედით, რომ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში დოლარის ღირებულება დაეცემოდა, ხოლო შიგა ფასები გაიზრდებოდა. ამ ზომებმა მართლაც გამოიწვია ფასების ზრდა, დოლარის ღირებულების საერთაშორისო ბაზრებზე, ოღონდ _ ხანმოკლე ვადით. ფასების მომატების კამპანიის წარმატების შეწირვით გარისკვა რუზველტს არ სურდა, ამიტომაც რუზველტმა უარყო ლონდონის ეკონომიკური კონფერენციის წინადადება ვალუტების საერთაშორისო კურსის სტაბილიზების თაობაზე (1933 წ.). კანონებმა ფასიანი ქაღალდებისა (1933 წ.) და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესახებ (1934 წ.) ინვესტორები თაღლითური გარიგებებისაგან დაიცვა, რომელმაც საფონდო ბაზარი 1920-იანი წლებში საგრძნობლად შეასუსტა. კანონმა ბანკების შესახებ (1935 წ.) კიდევ უფრო გააძლიერა ფედერალური კონტროლი ბანკებზე, საკრედიტო სისტემებზე და ფასიანი ქაღალდების ბრუნვაზე. ამ ზომებმა თანდათან აღადგინეს ნდობა საფინანსო სისტემებისადმი. სხვა კანონებთან შესაბამისად, შეიქმნა პოტენციურ მომხმარებლებზე სახსრების გადანაწილების სააგენტოები. საგანგებო დახმარების გაწევის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ჰარი ჰოპკინსის მეთაურობით, შტატებს 200 მილიონი დოლარი უმუშევრებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევისათვის გადასცა.

ბუნებრივი რესურსების დაცვის სამოქალაქო კორპუსმა ახალგაზრდები შრომით ბანკებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგზავნა ტყეების აღსადგენად. ისინი მონაწილეობდნენ ბუნების დაცვის სხვა ღონისძიებებში. ახალგაზრდებმა გამომუშავებული თანხის ნაწილი ღარიბ მშობლებს გაუგზავნეს. ფინანსირების რეკონსტრუქციის კორპორაციამ დამატებითი ფონდები მიიღო. კანონმა ფერმერული კრედიტების შესახებ (1933 წ.) შემოიღო მისაღები პირობები დავალიანების მქონე ფერმერებისათვის სესხის ასაღებად. რუზველტის მთავარი მრჩევლების აზრით, ახალი კურსის მთავარი პრობლემა ეკონომიკური იყო: ჭარბი წარმოება იწვევდა ფასების დაცემას, მოთხოვნილების დაცემას დაბალი შემოსავლების გამო. 1933 წელს შეიქმნა სოფლის მეურნეობის რეგულირების ადმინისტრაცია, რომელმაც მიზნად დაისახა წარმოების მოცულობის შემცირება. ამისათვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ზომები _ წარმოების სრული შეწყვეტისათვის სუბსიდიების გამოყოფიდან საქონლის შესყიდვამდე მათი დაკვლისა და საკვებ ხორცად ქცევის გზით. ამ ზომებმა სამხრეთ-დასავლეთში და შუა დასავლეთში მკაცრი გვალვის გათვალისწინებით შედეგები გამოიღო.

1933 წელს გამოიცა კანონი ეროვნული მრეწველობის აღდგენის თაობაზე. აღდგენის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ კანონის საფუძველზე დაადგინა ხელფასების, ფასების დონე საწარმოო ქვოტებთან ერთად მრეწველობის 750 დარგისათვის. იმავე კანონის ძალით შეიქმნა საზოგადოებრივ სამუშაოთა ადმინისტრაცია, რომელსაც მსხვილი სამშენებლო პროგრამების განხორციელება დაეკისრა. ამ ორგანიზაციამ განახორციელა სამშენებლო მასალების შესყიდვა, რასაც ბიძგი უნდა მიეცა სამშენებლო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარებისათვის. სამშენებლო პროექტები შექმნიდა სამუშაო ადგილებს ათასობით უმუშევრისათვის. მომხმარებელს ეძლეოდა იმ საქონლის შესყიდვის საშუალება, რომელსაც აღდგენის ეროვნული ადმინისტრაცია აკონტროლებდა დარგების მიხედვით.

საზოგადოებრივ სამუშაოთა ადმინისტრაცია, მისი დირექტორის ჰეროლდ იკესის გაუბედაობის წყალობით, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. მორიგი მკაცრი ზამთრის პერიოდის დაწყებამდე, რუზველტმა შექმნა სამოქალაქო სამუშაოების ადმინისტრაცია 400 მილიონი დოლარის გასანაწილებლად _ საზოგადოებრივი სამუშაოების ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან მოკლევადიანი პროექტების განსახორციელებლად. დროთა განმავლობაში საზოგადოებრივ სამუშაოთა ადმინისტრაციამ არა ერთი კაშხალი, ხიდი, სხვა მსხვილი ნაგებობა აღმართა. აღდგენის ადმინისტრაციამ ჩაატარა რიგი ოპერაციებისა ბიზნესის აღსადგენად, თუმცა მალე დაიშალა, რადგანაც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა. მისი ძირითადი მიღწევა გახდა პრეცედენტის შექმნა სამრეწველო დაგეგმარებისა მშვიდობიან დროში, ბავშვთა შრომისა და მრეწველობაში არაქათგამცლელი შრომის ლიკვიდაცია, შრომის ანაზღაურების დონის ამაღლება საარსებო მინიმუმამდე. მიუხედავად ამისა, სამრეწველო წარმოება, ფასები, მოგება, სახელფასო ანაზღაურება ისევ დაბალი რჩებოდა, ხოლო უმუშევრობა _ ზედმეტად მაღალი.

1935 წლისათვის ახალი კურსის პირველი ფაზა გადაიზარდა დაუნდობელ გარდაუვალ კონფლიქტში ჯიუტ მეპატრონეებსა და შეუვალ მოსამართლეებს შორის, ერთის მხრივ და პროფკავშირების წარმომადგენლებსა და მემარცხენე ძალებს შორის, მეორე მხრივ. 1934-1939 წლების კანონმდებლობა მნიშვნელოვან წილად ამ კურსის ბუნებრივი განვითარება აღმოჩნდა.

პრაქტიკაში გამოიყენეს ადრე ფორმულირებული პრინციპებიც, რომლებიც ცხოვრებაში ნელა ინერგებოდა. მაგალითად, კანონს ბანკების თაობაზე, კანონს კომუნალური მომსახურების ჰოლდინგურ კომპანიებზე (ორივე დამტკიცდა 1935 წელს) მიაკუთვნებენ ახალი კურსის მეორე ფაზას, თუმცა ისინი რიგი ღონისძიებების სერიის კულმინაციას წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ 1933 წელს დაიწყო. კანონი სოციალური დაზღვევის თაობაზე მიიღეს 1935 წელს, იგი ძალაში შევიდა 1937 წელს. ძირითადი კანონი პროფკავშირების თაობაზე _ ეროვნული კანონი შრომით ურთიერთობებზე (ე.წ. ვაგნერის კანონი, მიიღეს 1935 წელს) იყო დუბლირება 7ა პუნქტის, რომელიც ეროვნული მრეწველობის აღდგენის კანონის ნაწილს შეადგენდა. მისი ამოქმედების აუცილებლობა მხოლოდ მაშინ წარმოიშვა, როცა აღდგენის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო მშრომელთა უფლებების დაცვის ამოცანის შესრულება პროფესიული კავშირების შექმნისას, კოლექტიური შეთანხმებების დადებისას, გაფიცვების ჩატარებისას.

მიუხედავად ამისა, 1934 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი კურსის კანონმდებლობა (როცა რუზველტმა რეფორმატორულად განწყობილი კონგრესმენების უმეტესობისაგან მხარდაჭერა მოიპოვა) უფრო მეტად დაიტვირთა რეფორმატორული შინაარსით, ვიდრე ადრინდელი კანონები. ვაგნერისა და სოციალური დაზღვევის კანონის გარდა ე.წ. მეორე ფაზის განმავლობაში მიღებული იქნა რიგი მნიშვნელოვანი კანონებისა. კანონმა შემოსავლების შესახებ (1935 წელი) დაადგინა პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირებული შკალა. სოფლის რაიონების ელექტროფიკაციის ადმინისტრაციების შექმნა (1935 წელი), ბენკჰედ-ჯონსის კანონის მიღება ფერმერ-არენდატორთა დახმარების თაობაზე (1937 წელი), 1938 წელს სოფლის მეურნეობის რეგულირების ადმინისტრაციის განახლება ფერმერებისთვის ხელსაყრელი იყო. ახალი კურსის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ნოვაციებს შორის ბენკჰედ-ჯონსის კანონი მნიშვნელობის მხრივ ერთ რიგში დგას ვაგნერის კანონთან და სოციალური დაზღვევის კანონთან ერთად. ზემოთ ნახსენები კანონის შესაბამისად შეიქმნა ფერმერული მეურნეობის დაცვის ადმინისტრაცია, რომელმაც მიზნად დაისახა დახმარებოდა გერგილიან არენდატორებს, მესაკუთრეებად ჩამოყალიბებაში, ეყიდათ ტექნიკა და გადასულიყვნენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე. შეიქმნა ფედერალური ბანკები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშა-მიგრანტებისთვის. ათეულობით ათასმა ადამიანმა სამუშაო იპოვა, მათი ოჯახები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო დახმარებით. საცხოვრებელი ფართის შესახებ კანონის მიღების შემდეგ (1937 წ.) შეიქმნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამმართველო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე 161 ათასი სახლის მშენებლობა დააფინანსა. შრომის სამართლიანი პირობების შესახებ კანონმა (1938 წ.) დაადგინა მინიმალური სახელფასო ანაზღაურება და სამუშაო დღის მაქსიმალური ხანგრძლივობა სამრეწველო მუშაკებისთვის. იგივე კანონის ძალით აიკრძალა 16 წლის ასაკზე უმცროსი მოზრდილების დაქირავება.

საზოგადოებრივ სამუშაოთა ადმინისტრაცია შეიქმნა 1935 წელს. მისი რეორგანიზება მოხდა 1939 წელს. საზოგადოებრივ სამუშაოთა ადმინისტრაციების პროგრამები ანაწილებდა დროებით სამუშაო ადგილებს, უმთავრესად მშენებლობის დარგში, აგრეთვე სხვა მრავალ დარგში, ლანდშაფტური არქიტექტურის, თეატრის, ხელოვნების, ისტორიოგრაფიის, ისტორიული ძეგლების დაცვის დარგების ჩათვლით. შემოქმედებითი ინტელიგენციის სახელმწიფო მხარდაჭერამ ეს პერიოდი მცირე რენესანსად გადააქცია და დიდი კატასტროფა ამ მხრივ ამიტომაც არ მოხდა. ეკონომიკა შენელებული ტემპით რეაგირებდა ამგვარ მასობრივ სახელმწიფო ჩარევაზე.

მიუხედავად ამისა, რუზველტმა ყოველგვარი სირთულეების გარეშე გაიმარჯვა 1936 წელს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან მიუგო კანზასის გუბერნატორს ალფრედ ლენდონს, რომელმაც რუზველტს მხოლოდ მენისა და ვერმონტის შტატებში გადაუსწრო. ეკონომიკის უძრაობის მიზეზად რუზველტმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი მიიჩნია, რომელმაც მოღვაწეობის არეალი შეუზღუდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიც იყო აღდგენის ეროვნული ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის რეგულირების ადმინისტრაცია. უზენაესი სასამართლო მრეწველებს ფაქტიურად უბიძგებდა უარი განეცხადებინათ მთავრობასთან თანამშრომლობაზე. ამიტომაც 1937 წელს პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოზე შეტევა განახორციელა. ეს მცდელობა დაიმსხვრა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ტრადიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუზველტის გეგმა ჩაიშალა, ამ ბრძოლამ, როგორც ჩანს, მისი ბებერი ოპონენტების საბრძოლო სულისკვეთება შეარყია. უზენაესმა სასამართლომ დაიწყო საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა, სანამ არ გახდა აშკარა, რომ ფედერალურ მთავრობას შეეძლო ნებისმიერი ეკონომიკური ზომის მიღება და არ შეეშინდებოდა ისინი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოეცხადებინათ.

1939 წელს, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ხანძარი დაინთო, ახალმა კურსმა ვერ შეძლო კრიზისის დაძლევა. უმუშევრობის დონე კვლავინდებურად მაღალი რჩებოდა, ისევე როგორც საწარმოო სიმძლავრის არასაკმარისი დატვირთვა. ამის გარდა, ახალი კურსის მომხრეებმა ვერ შეძლეს პოლიტიკურად მისაღები გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის იმ გარეუბნებზე, რომლებიც სიღარიბეში იძირებოდა, იმ შავკანიანი ამერიკელების სამოქალაქო უფლებების შელახვის წინააღმდე, რომლებიც გაღარიბდნენ. განსაკუთრებულად სოფლის რაიონებში 1938 წლამდე კრიზისული ათეულის საგარეო პოლიტიკა ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ამოცანას ემორჩილებოდა. 1934 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მიზნით, რომელიც მიმართული იყო ამერიკული საქონლის გადაღებისთვის ბაზრების გაფართოებისაკენ. აშშ-ის მთავრობა ცდილობდა ომის ქარცეცხლში არ ჩარეულიყო. მან მხოლოდ ის გააკეთა, რომ იაპონიის ექსპანსიის წინააღმდეგ აზიაში, გერმანიის შეჭრის წინააღმდეგ ევროპაში ხმაურიანი რიტორიკით შემოიფარგლა. თვით "კეთილმეზობლური პოლიტიკა" ლათინური ამერიკის მიმართ, ნაწილობრივ გამოწვეული იყო სურვილით, თავიდან აეცილებინა სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო პანამერიკანიზმის დამკვიდრებას, რომელმაც შეცვალა აშშ-ის ცალმხრივი ინტერვენციები. 1930 წელს ჰუვერის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა "თეოდორ რუზველტის დასკვნაზე". 1933 წელს მონტევიდეოს კონფერენციაზე აშშ-მ აღიარა, რომ არ ჰქონდა ინტერვენციის უფლება. 1936 წელს ბუენოს-აირესის კონფერენციაზე ამერიკელებმა კიდევ უფრო შეზღუდეს საკუთარი ქმედებების თავისუფლება, დაეთანხმნენ იდეას, რომ შეექმნათ კონსულტაციების მექანიზმი ამერიკათაშორისი კონფლიქტების "დასალაგებლად". ამ პოლიტიკის სულისკვეთებით, აშშ-მ უარი განაცხადა ჯარების გაგზავნაზე კუბაში ამბოხების ჩასახშობად 1933-34 წლებში.

ამერიკელებმა პლატის შესწორების ანულირება მოახდინეს, 1934 წელს თავისი ჯარები გამოიყვანეს ჰაიტიდან, უარი განაცხადეს ინტერვენციის უფლებაზე დომინიკის რესპუბლიკაში და პანამაში. 1939 წელს აშშ-მ პროტესტი განაცხადა მექსიკის მიერ ამერიკული სანავთობო კომპანიების ნაციონალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკამ საომარი ქმედებანი არ განახორციელა და შემოიფარგლა მექსიკური ნავთობის ბოიკოტით. ასეთი პოზიცია ნაწილობრივ ნაკარნახევი იყო ჯერ კიდევ 1936 წელს გაკეთებული განცხადებით შეექმნათ ერთობლივი უსაფრთხოების სისტემა დასავლეთ ნახევარსფეროსათვის. კოლექტიური უსაფრთხოების გეგმა შეიმუშავეს ლიმაში, 1938 წელს. თავდაცვითი შეთანხმებები ამერიკამ დადო "კეთილ ჩრდილოელ მეზობელთან" _ კანადასთანაც...

1938 წლის არჩევნების შემდეგ რუზველტის გარემოცვა "ახალი კურსის შემდეგ ფაზასთან დაკავშირებით დაბნეული აღმოჩნდა". პრეზიდენტი თვლიდა რომ წინ სიფრთხილით უნდა ემოძრავა თავის დამოკიდებულებაში კონგრესთან დაკავშირებით. იგი "ზომიერებას" ავლენდა. 1939 წლის იანვარში ქვეყნისადმი ყოველწლიურ მიმართვაში (სადაც ასახული იყო ქვეყნის მდგომარეობა) რუზველტი რეფორმებზე აღარ საუბრობდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ალაბამელმა დემოკრატმა უ. ბენკჰედმა განაცხადა, რომ "ახალი კურსის" მთავარი მიზნები "პრაქტიკულად მიღწეული" იყო. შემდგომი რეფორმების აუცილებლობა აღარ იყო. პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა "შინაური კონფლიქტების პერიოდის დასრულების თაობაზე, რომელიც რეფორმების პროგრამას უკავშირდებოდა.

1939 წლის 6 მარტს ფ. რუზველტმა თეთრ სახლში მიიწვია ვიცე-პრეზიდენტი დ. გარნერი დემოკრატთა ლიდერი დენატში ო. ბარკლი, სპიკერი უ. ბენკჰედი, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ს. რეიბერნი. ამერიკის პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის ზედა ფენის საზოგადოება დაარწმუნა, რომ შემდგომი რეფორმის გეგმები მას აღარ გააჩნდა. ამით დაამთავრა სოციალური რეფორმების პერიოდი, მაგარამ ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება 1938 წლის შემდეგაც გაგრძელდა. "ახალი კურსის" სახელმწიფო-მონოპოლისტური არსი შეუქცევადი მოვლენა გახდა. "ახალი კურსის" უმნიშვნელოვანესი შედეგი ისიც იყო, რომ ქვეყნის სოციალური განვითარების მიმართულებით სერიოზული ძვრები აღინიშნა. აშშ-მ დიდ ეკონომიკურ დეპრესიას თავი დააღწია.

დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

"დიდი დეპრესია" 1920 წლის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკაში ბალანსის დარღვევამ გამოიწვია. სწორედ მაშინ წარმოიშვა ჭარბწარმოების პირველი ნიშნები. მთავრობამ ამ ნიშნებზე საჭირო ქმედებით რეაგირება არ მოახდინა. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო განსაზღვრულ მარეგულირებელ გავლენას ეკონომიკაზე არ ახდენდა. მისი სტაბილურობის გასაუმჯობესებლად წამოჭრილ წინადადებებს ყურადღებას არ აქცევდნენ და უარყოფდნენ (მაგალითად, ვუდრო ვილსონი ერთი ცენტრალური ბანკის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც კრიზისის შემთხვევაში არ დაიშლებოდა ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა). დეპრესია აგრეთვე გამოიწვია ისეთმა მომენტებმა, როგორიცაა პოლიტიკური და ფინანსური დაწესებულებების სისუსტე ეკონომიკაში არსებული დეფექტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც საბოლოოდ მთლიანად დამყარდა 1930 წელს. "დიდი დეპრესიის" პერიოდამდე მთავრობები იშვიათად მონაწილეობდნენ ეკონომიკური დაცემის დროს. ისინი ენდობოდნენ საბაზრო ურთიერთობებს, რომ ეკონომიკური კორექცია თავისთავად მოხდებოდა. აშშ-ის ბაზარი დეპრესიას ვერ გაუმკლავდა, რამაც ბიძგი მისცა სრულიად ამერიკაში კარდინალურ ცვლილებებს. "დიდი დეპრესიის" შემდეგ, სახელმწიფო გავლენა ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეში, მიუხედავად საგადასახადო ან სამრეწველო რეგულირების ფორმებისა, საზოგადოებრივი სამუშაოებისა თუ დაზღვევისა, მომსახურებისა, ფინანსებში დეფიციტისა, მთავარ როლ იძენს უმეტეს სამრეწველო ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკით.

ვითარება დიდი დეპრესიის დროს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

დეპრესიის გავრცელება საყოველთაო იყო, რადგანაც მთავრობების მიერ მიღებული ზომები არც ისე კორექტული იყო. საექსპორტო შემოსავლების დაცემის შეჩერებას ისინი იმპორტზე ტარიფების მომატებით შეეცადნენ, რამაც ვაჭრობაში სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ამის გარდა, როგორც კი დეფლაცია ეკონომიკური სტაბილიზაციის შენარჩუნების ერთადერთ პოლიტიკად გადაიქცა, მთავრობათა ერთადერთი პასუხი კრიზისზე მიმართული იქნა დანახარჯების შემცირებისკენ. ამის შედეგად სამომხმარებლო მოთხოვნილება კიდევ უფრო დაეცა. დეფლაციის პოლიტიკა ძალინ მჭიდროდ უკავშირდებოდა ვალუტების კურსებს. ვალუტების კურსები თავის მხრივ კავშირში იყო ოქროს ღირებულებასთან ოქროს სტანდარტის მიხედვით. ოქროს სტანდარტი სახელმწიფოებს ავალდებულებდა ფიქსირებადი სავალუტო კურსი შეენარჩუნებინათ. ფასებისა და ვალუტისადმი ინტერესის დაცემასთან დაკავშირებით უფრო და უფრო რთული ხდებოდა ოქროს სტანდარტის შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით უარი თქვეს ოქროს სტანდარტის შენარჩუნებაზე, რამაც მთელს მსოფლიოში ბანკების უმრავლესობის გაკოტრება გამოიწვია.

დეპრესიამ ძლიერი გავლენა მოახდინა გერმანიის ეკონომიკაზე. აქ არსებული ეკონომიკური სიტუაცია გამოწვეული იყო უზარმაზარი ვალით, რომელიც ქვეყანას გააჩნდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით დადებული პირობების მიხედვით. გერმანია იძულებული იყო აეღო სესხები, გამარჯვებული ევროპული ქვეყნებისთვის რეპარაციები რომ გადაეხადა სამრეწველო რეკონსტრუქციის ხარჯებთან ერთად. ამერიკული ბანკები გერმანიას სესხებს აძლევდა. ამერიკული ბანკების დაშლის შემდეგ ამ კრიზისში მათ გერმანელებიც ჩაითრიეს.

აშშ-ის ექსპორტზე ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა იყო დამოკიდებული. დეპრესიისაგან ისინიც დაზარალდნენ. აშშ-ში სრულყოფილ სახეს იღებდა სოფლის მეურნეობა, რამაც ფასების დაცემა გამოიწვია. თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვალებმაც: ქვეყანა-მწარმოებლები თავის პროდუქტებს აგროვებდნენ იმ მიზნით, რომ ქვეყანა-მევალეები სესხებს როცა დაფარავდნენ, ქვეყანა-მწარმოებლებს თავიანთი პროდუქტები ბაზარზე გაეშვათ. საწყობებიდან ამ პროდუქტების გამოშვების შემდეგ, მწარმოებელ ქვეყანაში ფასები სწრაფად და განუხრელად ეცემოდა.

დეპრესიას ღრმა პოლიტიკური აზრი და შედეგებიც გააჩნდა. გერმანიაში და იაპონიაში დეპრესიაზე რეაქცია ის იყო, რომ ძალაუფლება გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელში შეიარაღებული გადატრიალების გზით ჩაიგდეს. ამ გარემოებამ დიქტატურის დამყარება და მალე მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია.

გერმანიაში ჰიტლერმა აირჩია პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იყო უმუშევრობის შემცირებაზე მოსახლეობის წარმოებაში ჩართვის გზით, რის შედეგადაც 1939 წელს გერმანიის მთლიანმა ეროვნულმა პროდუქტმა 1929 წლის მაჩვენებელს 51%-ით გადააჭარბა. ზრდა ძირითადად გამოიწვია შეიარაღებული ძალებისა და მოწყობილობების წარმოებამ.

გერმანული ვარიანტი გახლავთ ძირითადი ნიმუში იმისა, რაც ფაქტიურად ყველგან მოხდა დიდი დეპრესიის დროს. საერთაშორისო ეკონომიკა გაიყო ბლოკებად, რომლებიც განსაზღვრული იყო პოლიტიკური დამოკიდებულებით და იმ ვალუტით, რომლითაც ეს ქვეყნები ვაჭრობდნენ. ბლოკებს შორის ვაჭრობა ძლიერ შეიზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისის შემდეგ აღორძინდა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში და პოლიტიკური მდგრადობის დამყარებაში.

ვეფხია სამსონიძე