ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საუკუნის პროექტის გამო წარმოქმნილი დაუსრულებელი კონფლიქტი კრწანისში
#2(6), 2005
საუკუნის პროექტად წოდებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველოში საზოგადოებრივი განსჯის, კრიტიკისა და უბრალო მოსახლეობაში ურთიერთდაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. მართალია, კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმი" და საქართველოს ნავთობკორპორაცია პროექტის დაწყებამდე შეეცადნენ საზოგადოებაში ფართომასშტაბიანი ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ და მისი პრეზენტაცია თითქმის ყველა რაიონში და კუთხეში განეხორციელებინათ, მაგრამ აზრი იმის თაობაზე, რა ზიანს მიაყენებდა ნავთობსადენი საქართველოს ეკოლოგიას, ორად გაიყო. ერთნი დღემდე თვლიან, რომ მილსადენში ნავთობის გატარება შესაძლოა ეკოლოგიური საფრთხის მიზეზი გახდეს, მეორენი კი უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე საუბრობენ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ნავთობსადენის მიერ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ სოლიდური კომპენსაციების დარიგებას დაპირდნენ, თუმცა ზოგმა თანხის მიღება სასამართლო პროცესებით შეძლო, ზოგიც კი კომპენსაციის გარეშე დარჩა.

ქვემო ქართლის რეგიონში ნავთობსადენი რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის ტერიტორიებზე გადის. აღნიშნული რაიონების მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაციის სახით "ბი-პი"-საგან სოლიდური, ნაწილმა მიზერული თანხა მიიღო, ნაწილი კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, თანხის გარეშე დარჩა. აქვე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პროექტი გაწერილ ვადებში რომ დასრულებულიყო, საქართველოს ნავთობკორპორაციასა და კომპანია "ბი-პის" ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დროს ზოგჯერ კომპრომისზე წასვლაც კი უწევდათ. ქვემო ქართლში ამის საუკეთესო მაგალითად გარდაბნის რაიონის სოფელ სოფელ კრწანისში განვითარებული მოვლენების დასახელებაც კმარა.

ბრძოლით მოპოვებული ფული

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მოსახლეობამ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენის დერეფანში ხვდებოდა, თავად საქართველოს ნავთობკორპორაციის მაშინდელი თავმჯდომარის _ გიორგი ჭანტურიასა და "ბრიტიშ-პეტროლიუმის" წარმომადგენლებისგან შეიტყო. ბუნებრივია, სოფლის მოსახლეობას სოლიდური კომპენსაციის სურვილი მაშინვე გაუჩნდა, თუმცა ბრძოლა თანასოფლელებს შორის ოდნავ მოგვიანებით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბი-პის" მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილმა თანხამ 2200000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სოფელ კრწანისის ეგრეთ წოდებული ზემო უბნის მაცხოვრებლებს წლების წინ სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები შეადგენენ, ქვემო უბანი კი ეგრეთ წოდებული "გიგანტისა" და "ზოოვეტის" ტერიტორიაზეა განთავსებული და იქაურები უფრო ძველი მოსახლეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობსადენი ძირითადად ზემო უბანზე გადის, კომპენსაციით ქვემო უბნის მაცხოვრებლებიც დაინტერესდნენ. თავდაპირველად დაპირისპირება მათ შორის დაიწყო, თუმცა ჯერ თანხის მიღების სურვილი ზემო უბანში მცხოვრებმა სვანებმა გამოთქვეს.

ზემო და ქვემო უბნის მაცხოვრებლებს შორის დავა თითქმის მთელი წელი გაგრძელდა. დაპირისპირებული მხარეები მაშინ "საკუთარი სიმართლის" გარკვევას ქვემო ქართლში პრეზიდენტის მაშინდელ რწმუნებულთან _ სოსო მაზმიშვილთან სამსახურში მისვლითა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკანდალების მოწყობით ცდილობდნენ. კრწანისელებს (ქვემო უბნის) იმის დასამტკიცებლად, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწები მათ ეკუთვნოდათ, სასამართლოში გაუთავებელი სიარული დასჭირდათ. საქმე იმაში იყო, რომ ის მიწები, რომელზეც პრეტენზიას ქვემო უბნის მაცხოვრებლები აცხადებდნენ, იჯარით კერძო პირზე იყო გაცემული. მიწა იჯარით 1995 წლამდე, როგორც გაირკვა პარლამენტარ გიორგი ხევიაშვილს ჰქონდა აღებული, შემდეგ კი დმანისის რაიონის ახლანდელ გამგებელს _ ბაკურ მგელაძეს. მგელაძე ირწმუნება, რომ ერთი წლის წინ, როცა მოსახლეობამ ჩივილი და აქციები დაიწყო, იჯარაზე უარი თქვა და მიწა მოსახლეობის სასარგებლოდ დათმო და ეს ნაბიჯი აბსოლუტურად უანგაროდ გადადგა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებით, მოსამართლე კვეზერელმა მგელაძის დათმობილი მიწები ქვემო უბნის მცხოვრებლებს დაუმტკიცა, თუმცა შემდეგ მიწა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძირძველი კრწანისის" რამდენიმე წევრზე გაფორმდა. აღსანიშნავია რომ ეს ორგანიზაცია სოფლის მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაციის მიღების მიზნით შექმნა და სწორედ მისი წევრები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად.

ქვემო უბნის მაცხოვრებლები აღიარებენ, რომ კომპენსაციისათვის ბრძოლა თავდაპირველად ზემო უბანმა დაიწყო, ამ უკანასკნელთ კი პირველისგან განსხვავებით მიწის ნაკვეთის პასპორტები ხელში ეკავათ. თუმცა ქვემო უბნელები ახლაც ირწმუნებიან, რომ ნავთობსადენზე დივერსიის ან ავარიის შემთხვევაში ისინი ზემო უბნელებზე მეტად დაზარალდებიან, სწორედ ამიტომ ფულზე პრეტენზია მათ უფრო მეტად ჰქონდათ. გაუთავებელი დავის შემდეგ ზემო და ქვემო უბანი შეთანხმდა, რომ კომპენსაციის 60%-ს ზემო უბანი, 40%-ს კი ქვემო უბანი მიიღებდა.

ქვემო უბნის ლიდერები

კრწანისის მოსახლეობის ნაწილი (ქვემო უბანი) ზემო უბანთან თანხის გაყოფაზე კი შეთანხმდა, თუმცა მიწის კომპენსაციაზე მათ ახლა უკვე იმ კაკლის ნერგების საფასურის ანაზღაურებაც მოითხოვეს "ბი-პისგან", რომელიც ნავთობსადენის დერეფანში ერთ მშვენიერ დღეს უცბად საიდანღაც გაჩნდა. კრწანისის ქვემო უბნელები გასულ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე აქციებს მართავდნენ, ნავთობსადენის მშენებლობას ხელს უშლიდნენ და თბილისი-რუსთავის ცენტრალურ გზასაც კი კეტავდნენ, მათ დასაშლელად პოლიციას ძალის გამოყენებაც კი უხდებოდა. "ბი-პისთან" გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მათ ნერგების საფასურსაც გადაუხდიდნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაციის მიღებისა და მიწების გაფორმების მიზნით ქვემო უბნის მაცხოვრებლებმა ორგანიზაცია "ძირძველი კრწანისი" შექმნეს, რომლის დამფუძნებლებში 6 ქალბატონი შედიოდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სწორედ მათ აიღეს თანასოფლელებიდან რწმუნებულება და ბანკიდან თანხაც მათ გამოიტანეს.

"ლიდერები", რომლებიც აქციების ორგანიზატორებიც იყვნენ, მოსახლეობას კომპენსაციის თანაბრად დანაწილებას დაპირდნენ, თუმცა შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, რამაც განხეთქილება უკვე ქვემო უბნის მოსახლეობაში შეიტანა.

"თანხა თანაბრად უნდა განაწილებულიყო, თუმცა ამ ქალებმა, როგორც კი ფული ხელში მოიგდეს და მიწის მეპატრონეებნი გახდნენ, მოსახლეობა რაღაც კატეგორიებად დაგვყვეს, არადა როცა ფულს კრეფდნენ სხვადასხვა ხარჯებისთვის, სოფელში ყველა ოჯახი დებდა, ქვემო უბანმა 800 000 ლარი მიიღო, ზემომ კი _ 1 400 000 ლარი, იქ თანხა თანაბრად განაწილდა და თითო ოჯახს 9000 ლარი შეხვდა. ჩვენთან კი მერი ხიდაშელმა და "ძირძველი კრწანისის" კიდევ ხუთმა წევრმა ქალმა ფული არათანაბრად გაანაწილეს, ზოგს კი საერთოდ არ მისცეს" - აცხადებს ქვემო უბნის მაცხოვრებელი გურამ გველესიანი. მის მსგავსად ქვემო უბნის მოსახლეობის ნაწილიც ირწმუნება, რომ ბანკიდან გამოტანილი 800 000 ლარიდან, ხალხში მხოლოდ 386 000 ლარი დანაწილდა, ისიც არათანაბრად.

თუმცა მათ ბრალდებაზე საკუთარი არგუმენტები აქვს თავად მერი ხიდაშელს, რომელიც "ძირძველი კრწანისის" თავმჯდომარეა, ის ირწმუნება, რომ თანხა სრულად გაანაწილა, მოსახლეობის კატეგორიებად დაყოფაზე გადაწყვეტილება კი ერთპიროვნულად არ მიუღია და ეს თავად ხალხმა მოითხოვა, რომ ფული "ბრძოლაში გამოჩენილი დამსახურების მიხედვით" გაეყოთ.

"ორგანიზაციის დაფუძნების პირველი დღიდანვე, როცა კომპენსაციის აღება ჯერ კიდევ აბსურდად მიგვაჩნდა, მიწის დამტკიცებაზე სარჩელი ზემო უბანში მცხოვრებ სვანებს ჰქონდათ შეტანილი. მაშინ ჩვენ ძალიან ძლიერ ძალას შევებრძოლეთ. ჩვენ ვებრძოდით ქვემო ქართლის მხარის ხელმძღვანელობას, რაიონის და ადგილობრივ გამგეობას. მთელი წელი დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ამ სოფლის მოსახლეობა ვართ და მარტო 115 კაცი არაა სოფელი. მართალია, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ჩვენთვის მიწის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა ჩვენ ჩვენი მიწა გამოსასყიდი გაგვიხდა. ეს არ იყო კომპენსაცია, რომელიც უნდა გაცემულიყო სოფელზე იმის გამო, რომ აქ მილსადენი გადიოდა, ეს კომპენსაცია იყო ძალით წართმეული, სოფლის ნაწილის მიერ ნაყიდი მიწის სანაცვლოდ" - აცხადებს მერი ხიდაშელი, რომელიც თანასოფლელთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

საჩივრის წერილი

სოფელ კრწანისის ქვემო უბნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო დარჩა, მათ "ძირძველი კრწანისის"  დამფუძნებელი  ექვსი ქალბატონი თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს და საჩივრის წერილი დაწერეს, რომელზეც მხოლოდ ოცამდე ადამიანი აწერდა ხელს. საქმის დეტალებში გარკვევა ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციას დაევალა და მოკვლევა ზამთარში დაიწყო. იმ პერიოდში ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის  უფროსის მაშინდელი მოადგილე _ მერაბ მურღულია აცხადებდა, რომ შესწავლილი მასალების მიხედვით თანხის თაღლითური გზით მითვისებას ჰქონდა ადგილი და 800 ათასი ლარიდან 400 ათასზე მეტი სადღაც გაქრა. აღნიშნულ მაქინაციაში კი ეჭვმიტანილები სწორედ "ძირძველი კრწანისის" დამფუძნებელი ექვსი ქალი იყო. ასეთი განცხადების უფლებას კი, როგორც ფინანსურ პოლიციაში აცხადებდნენ, ის გარემოება აძლევდათ, თანხა ბანკიდან სწორედ ამ ქალებმა გამოიტანეს. რამდენიმე თვიანი მოკვლევის შემდეგ საქმის მასალები უკვე საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე ქვემო ქართლის მხარის რწმუნებული _ სოსო მაზმიშვილიც დაიკითხა, გარდაბნის რაიონის გამგებელთან ერთად.

ქვემო უბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ გამომძიებელი მათ ადვოკატს საქმისა და ძიების დეტალების გაცნობის საშუალებას არ აძლევს. დაზარალებული მოსახლეობა დღესაც კატეგორიულად მოითხოვს მერი ხიდაშელისა და დანარჩენი ხუთი ქალბატონის დასჯას, თუმცა ძიება კვლავ მიმდინარეობს და როგორც ხალხი ამბობს, იმის გამო, რომ საქმეში მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, დროში შეგნებულად იწელება.

გამოძიების პარალელურად, ქვემო ქართლის ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილისგან მხოლოდ ქვემო უბნის მოსახლეობის ადგილზე დაკითხვის კერძო დავალება მიიღო, საქმე კი კვლავ საგამოძიებოს რჩება.

"სოფელში ფინანსურმა პოლიციამ 150-მდე კაცი დაკითხა, სულ 400-ზე მეტია დასაკითხი. ჩვენ გვაინტერესებს, ეს თანხა სად წავიდა. თუ საქმე ბოლომდე არ მივიდა, სოფელში უბედურება დატრიალდება, ხალხი უკვე ისეთ დღეში ვართ" - ამბობენ ქვემო უბნის მაცხოვრებლები, რომლებიც საპროტესტო აქციების გამართვით უკვე დაიღალნენ, თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტები მაინც ხშირად ხდება.

კონფლიქტს, რომ იტყვიან, ბოლო არ უჩანს. დაამტკიცებს თუ არა გამოძიება, შემდეგში კი სასამართლო ეჭვმიტანილთა ბრალეულობას, ან კიდევ ვინ დააბრუნებს "გამქრალ" რამდენიმე ასეულ ათას ლარს, ეს ჯერ-ჯერობით კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება.

მარინე ვარდოშვილი